კახა ჩხეტიანი ყაზახურ სიცხეს უბრთხის, კახა ცხადაძე კი, ჩხეტიანის სახეშეცვლილ გუნდს
კახა ჩხეტიანი ყაზახურ სიცხეს უბრთხის, კახა ცხადაძე კი, ჩხეტიანის სახეშეცვლილ გუნდს
10.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 11 ივლისს, ქუთაისში, ადგილობრივი მერიის ორგანიზებით, ხარაზოვის ბაღში მდებარე ნიღბების თეატრში, „ტორპედოს" გულშემატკივრებისთვის, უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი, "ორდაბასისა" და "ტორპედოს" მატჩის ტრანსლაცია დიდ ეკრანზე მოხდება. თავად ტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.


ყაზახურ შიმკენტში, ქუთაისელები დღეს, გამთენიისას გაემგზავრნენ და დღესვე, საქართველოს დროით 17:00 საათზე "ორდაბასის" სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართეს. ყაზახეთი ქართველებს 38 გრადუსიანი სიცხით დახვდა და როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, შიმკენტში ტემპერატურა ხვალ, 42 გრადუსსაც მიაღწევს. სიცხის გარდა, კახა ჩხეტიანის გუნდს, ხვალ ტრავმირებული ფეხბურთელებიც მიემატებიან. მიუხედავად ამისა, „ტორპედოში" ამბობენ, რომ განწყობა საბრძოლოა.

 



„ამ მატჩამდე კლუბი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა და აქ ახალი გუნდით ჩამოვედით. არ ვართ მიჩვეულნი ასეთ სიცხეში თამაშს, მაგრამ ეს ხელის შემშლელი პირობა არ უნდა იყოს. ყველა შეხვედრას ყოველთვის მაქსიმალურად მომზადებულნი ვხვდებით. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან... მეტოქის არაერთი თამაში ვნახეთ და კარგად შევისწავლეთ. "ორდაბასი" ძალიან კარგი გუნდია, მას კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ვიცნობთ ზიგი ბადიბანგას... მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და არავისი გვეშინია!"- ამბობს კახა ჩხეტიანი.




„ტორპედოს" განაცხადში არიან:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, დავით ასათიანი

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, ვახტანგ ნებიერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, თემურ ჩოგაძე, გრიგოლ დოლიძე, ოთარ კობახიძე, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა, თამაზ ცეცხლაძე, ზაზა ციცქიშვილი, თამაზ შარვაშიძე, მათე აბულაძე

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, თორნიკე კაპანაძე, დავით იონანიძე




ხვალინდელი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა „ორდაბასის" ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემაც:

"იწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ყველა ელოდება „ორდაბასის" გამოსვლას. პირველ რიგში ელოდებიან ლამაზ და შედეგიან თამაშს. სწორედ, ამას ვუსურვებ გუნდს და გულშემატკივარს. ამ მომენტისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის გუნდი შეგხვდა.  ჩვენი ამოცანა იყო, კარგად მოვმზადებულიყავით და გვეთამაშა, რათა გავიდეთ მომდევნო ეტაპზე. რა თქმა უნდა ჩვენ ვაგროვებდით ინფორმაციას „ტორპედოს" შესახებ. ეს რაუნდი, 2 თამაშისგან შედგება და პირველი თამაში ბევრს გვიჩვენებს. ახლა რთულია რამის თქმა, ამიტომ უნდა ჩვენი თამაში ვითამაშოთ, პირველი მატჩის შემდეგ კი, ანალიზისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ახლა, მთავარია, ხვალ შედეგი იყოს დადებითი. როგორც იცით, ბოლო ტურამდე მათ, სხვა შემადგენლობა ჰყავდათ, ახლა კი სრულებით შეცვლილი გუნდია. ამიტომ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს", - ამბობს კახა ცხადაძე, „ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი.


"ტორპედოსა' და "ორდაბასის" ფოტოები