„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის მატჩამდე 1 დღით ადრე
„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის მატჩამდე 1 დღით ადრე
10.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩამდე, „დინამო არენაზე", თანმიმდევრობით, ჯერ „დინამო თბილისის", შემდეგ კი, „ენგორდანის" ფეხბურთელებმა ივარჯიშეს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ორივე გუნდის მწვრთნელები აცხადებენ, რომ ხვალინდელი თამაშისთვის მათი გუნდები მზად არიან. თუმცა, სტუმრები, „დინამო თბილისთან", „დინამო არენაზე" მატჩში შეეცდებიან საპასუხო მატჩისთვის შესაბამისი ანგარიშით დაასრულონ შეხვედრა, რაც ერთ კვირაში, საკუთარ კედლებში, ანდორა ლა ველაში მათ თამაშს გაუადვილებს.

„ჩვენი სტადიონი არაა ისეთი გრანდიოზული, როგორიც თქვენი. თუმცა, ჩვენ გვყავს გულშემატკივარი, რომლის მხარდაჭერის იმედიც საპასუხო მატჩში გავქვს. ჩვენთვის საპასუხისმგებლოა და საამაყო ის მომენტი, რომ ვეთამაშებით, „დინამო თბილისს", პრესტიჟულ და დიდი ისტორიის გუნდს. თუმცა, შევეცდებით, ამან გავლენა არ იქონიოს ჩვენი გუნდის თამაშზე", - ამბობს ფელიპე ბუშტო, „ენგორდანის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი.  




ხვალინდელ თამაშში, „ენგორდანის" შემადგენლობაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, ტრავმის გამო არ იქნება. ამბობენ, რომ „დინამო თბილისის" თამაში კარგად აქვთ შესწავლილი და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, აქცენტებს, საპასუხო, სახლის თამაშზე გააკეთებენ. ყველაზე მეტად,  ანდორელი სტუმრებს, როგორც ჩანს, ხვალ,  სწრაფი კონტრშეტევების ეშინიათ. თუმცა, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ დახვდება „დინამო თბილისს" დაცვაში ჩაყენებული „ავტობუსი", რაც სანაკრებო თამაშზე ამ სტადიონმა უკვე ნახა, ფელიპე ბუშტომ უპასუხა, რომ:

„თვითმკვლელობა იქნება, ჩემს ფეხბურთელებს ვთხოვო, 90 წუთი დაცვაში ითამაშონ. ხვალ, მთავარი მიზანი იქნება ლაღად ვითამაშოთ, ბურთ ვაკონტროლოთ და შევეცადოთ „დინამოს" კარს მივუახლოვდეთ და მხოლოდ, დაცვაში თამაში არ იყოს მიზანი", - ამბობს პორტუგალიელი.



უეფა-ს ევროპა ლიგის სასტარტო მატჩის წინ იმედიანად არიან დინამოელებიც. ის, რომ ამ წყვილში ფავორიტი „დინამო თბილისია" კარგად იციან, სტუმრებმაც და მასპინძლებმაც, თუმცა, ეს დინამოელებს, მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად მოასწრეს შეთამაშება გუნდის ახალწვეულებმა.

„ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშისთვის ყველა მზადაა. დღეს, ბუნებრივია, რომ არ დავასახელებთ მათ გვარებს, ვინც ხვალ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს. დღეს, ამ თემაზე საუბრით, მეტოქეს, მივცემთ, პრივილეგიას. ამას, ნახავთ ხვალ. თუმცა,  ყველა ფეხბურთელი მზადაა თამაშისთვის", - ამბობს, ქართული გუნდის მწვრთნელი, ფელის ვისენტე.




ქართველი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მეტოქიდან გამომდინარე, რამდენად სწორად აქვთ, თბილისელებს სიტუაცია შეფასებული და ხომ არ უყურებენ ანდორულ გუნდს ზერელედ. რა არის ამ სეზონზე „დინამო თბილისის" მინიმუმი და მაქსიმუმი.

„მეტოქის მიმართ,  პატივისცემით ვართ გამსჭვალული. ჯერ ვფიქრობთ, კონკრეტულად ამ ეტაპზე და ხვალინდელ თამაშზე. დიდი იმედი გავქვს, რომ გოლებს არ გავუშვებთ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩსაც კარგად ჩავატარებთ. ასე, რომ რა იქნება ამის შემდეგ, ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან, ჩვენი მთავარი ამოცანა, ხვალინდელი მატჩია", - ამბობს ფელის ვისენტე.




ქართველთა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები ანდორაში იმყოფებოდნენ და „ენგორდანის" თამაშსაც დაესწრნენ. გამომდინარე აქედან, „დინამო თბილისში" იციან, რომ ეს გუნდი, საქართველოში ჩამოვიდა ამაღლებული განწყობით, რადგან აქ ჩამოსვლამდე 2 შეხვედრა მოიგო. აქ კი, ისინი ეთამაშებიან ისეთ პრესტიჟულ გუნდს, როგორიც „დინამო თბილისია" და ეს მოტივაციას უზრდით. მათი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ რამდენიმე ვეტერანი მოთამაშე ჰყავთ.  მაგრამ ყველაზე დიდი ძალა, არის გამარჯვების სურვილი, რომელიც, რა დასამალია და ქართულ გუნდსაც არანაკლებად აქვს.




„ნებისმიერი მეტოქის მიმართ, 100%-ით ყურადღებაა საჭირო. ჩვენც ამას ვაკეთებთ. არაა გამორიცხული, რომ გოლი გავუშვათ, მაგრამ ეს თამაშს არ უნდა დაეტყოს და არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ გოლის გასატანად არ წავალთ. ვეცდებით რომ სახლში დიდი ანგარიშით მოვიგოთ, რათა შემდეგ გასვლაზე, უფრო წყნარად და თავდაჯერებულად ვითამაშოთ", - ამბობს ლევან შენგელია.




შეგახსენებთ, რომ ხვალ, 11 ივლისს, 21:00 „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გაიმართება. „დინამო თბილისი", ანდორის „ენგორდანს" შეხვდება.