ქართველი ვაჟი სამბისტები - საუკეთესონი მინსკის ევროპულ თამაშებზე
ქართველი ვაჟი სამბისტები - საუკეთესონი მინსკის ევროპულ თამაშებზე
23.06.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

მეორე ევროპული თამაშების მორიგმა დღემ, 23 ივნისმა, ქართველებს 2 ოქრო და 4 ბრინჯაო მოუტანა. ამ დღეს, ჩვენი სპორტსმენები კრივში, სამბოში, ძიუდოში, ტყვიით სროლაში და საგზატკეცილო ველორბოლაში ეჯიბრებოდნენ.


სამბო: ასპარეზობის ამ დღეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამბისტების გამოსვლა, რომლებმაც საერთო ჯამში 11 მედლით დაასრულეს შეჯიბრი. ვაჟთა შორის კი, საუკეთესო შედეგი აჩვენეს. საყურადღებოა, რომ ვაჟთა ნაკრების ცხრავე წევრმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა, რაც უნიკალური მაჩვენებელია. ამას, ნინო ოძელაშვილისა და ელენე ქებაძის ვერცხლის მედლებიც ემატება.


ამ დღეს, ჩემპიონები გახდნენ ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ). ლევანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტულიანი რუსი მეტოქე სტანისლავ სკრიაბინი 5:1 დაჯაბნა. ბექა კი, ფინალში მასპინძელთა გუნდის ლიდერს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს იური რიბაკს დაუპირისპირდა და ვადაზე ადრე - 8:0 დაამარცხა.


ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გენადი ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).


ძიუდო: სამწუხაროდ პრიზიორებს მიღმა დარჩა ოლიმპიური ჩემპიონი  ლაშა შავდათუაშვილი (73კგ). სამაგიეროდ, ბრინჯაოს ჯილდო ერგო ახალგაზრდა და პერსპექტიულ ძიუდოისტს ლუკა მაისურაძეს (81 კგ). მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი ანტონიო ესპოზიტო იპონით დაამარცხა.

გუშინდელ 10 მედალს დღეს კიდევ 6 ჯილდო დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 დღის ჯამში მოპოვებულია ოქროს 5, ვერცხლის 3 და ბრინჯაოს 8 მედალი. ამ მაჩვენებლით საქართველო მეოთხე გუნდურ ადგილზეა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის შემდეგ.


კრივი: მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ჩვენი მოკრივეები. დღეს გამარჯვებები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა (49 კგ), ლაშა გურულმა (64 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ).


ტყვიით სროლა: მეორე ევროპულ თამაშებზე დღეს ჩვენმა სამივე სპორტსმენმა იასპარეზა - ისინი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში პირად პირველობაში გამოვიდნენ.

დილით ვაჟთა ტურნირი გაიმართა, რომელიც ცოტნე მაჭავარიანმა 571 ქულით (96, 94, 94, 97, 95, 95) დაამთავრა და 21-ე ადგილზე გავიდა.

ქალებში ნინო სალუქვაძის შედეგია 572 ქულა (94, 92, 94, 93, 95, 94) - 26-ე ადგილი, ნინო ხუციბერიძემ კი 557 (89, 95, 94, 97, 89, 93) დააგროვა და 29-ზე გავიდა.