მჭიდრო სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონი და ინტრიგა ეროვნულ ლიგაზე
მჭიდრო სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონი და ინტრიგა ეროვნულ ლიგაზე
23.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გუნდები ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ მოვლენებსა  აქციით გამოეხმაუნენ. „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ", ამ წარწერით მაისურები ეცვათ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-19 ტურის დროს ქუთაისის "ტორპედოს", "დინამო თბილისის", საჩხერის "ჩიხურსა", თბილისის "ლოკომოტივის" და "რუსთავს" . ხოლო, ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბი, „საბურთალოსთან" მატჩში ქვეყნის გულისცემას ფან-სექტორში გამოფენილი ბანერებით შეუერთდა.




აღნიშნულის გამო, რუსულ და „ქოფი-ფეისთით" დაკავებულ ქართულ მედიაში დაიწყო დეზინფორმაციული სტატიების გავრცელება უეფა-ს ევროპულ საკლუბო ტურნირებიდან, რუსების მოთხოვნის შესაბამისად, ქართული კლუბების მოხსნის თაობაზე. ამიტომ განვმარტავთ, თუკი უეფას, ან ფიფას ეგიდით ჩატარებული თამაშის დროს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და არა კონკრეტულად საქართველოდან, ვინმე რაიმე სახის ძალადობის პროპაგანდას მოახდენს (განსაკუთრებით, ვიზუალური სახით), აღნიშნული აუცილებლად მოხვდება უეფა/ფიფა-ს კონკრეტულად ამ მატჩზე მოვლენილი დელეგატის ჩანაწერში. აი, შემდეგ კი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ეს უკვე სადისციპლინო ორგანოს თემაა. ერთი შემიძლია დავამატო, რომ თბილისში, მესხის სტადიონზე „ჩიხურა"-„ბურსას" და გაბალაში, „გაბალა"-„დინამო თბილისის" თამაშების დროს მომხდარ ინციდენტებს, მაშინ შესაბამისი რეაგირება და სანქციები მოჰყვა.




ამჯერად კი, მაისურები წარწერით, „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ", საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ეშელონის წარმომადგენლებს შიდა, ეროვნულ ჩემპიონატზე ეცვათ და მას შემდეგ, რაც საქართველოში სპორტული სამყაროდან ერთ-ერთმა, სწორედ ფეხბურთის ფედერაციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.

 


ამ „ლირიკის" შემდეგ კი, მე-19 ტურს გვინდა დავუბრუნდეთ, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონში საკმაოდ სიმჭიდროვეა. ამ ტურში, „ტორპედომ" ამოქოქა, „დინამო თბილისმა" მოიგო, ბათუმელები და „საბურთალო" კი დაზავდნენ. შესაბამისად, „ტორპედომ" და „დინამო თბილისმა", ბათუმის „დინამოსთან" და „საბურთალოსთან" ქულების სხვაობა შეამცირეს და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდნენ. მე-5 საფეხურზე თბილისის „ლოკომოტივია", რომელიც წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ახალგაზრდა მწვრთნელთან ლევან კორღალიძესთან ერთად გათამაშების ცხრილის მე- საფეხურზეა.

***



მართლაც, როგორც იტყვიან „ტორპედომ", ევროტურნირების წინ „ამოქოქა" და წყალტუბოში ბოლნისის „სიონს" 19 წუთში თავბრუ დაახვია, ამ მომენტისთვის, ქუთაისელები ბუდუ ზივზივაძის დუბლით და ნოდარ ქავთარაძის გოლებით უკვე 3-0-ს იგებდა. მსგავსი სცენარით გაგრძელდა თამაშიც დარჩენილი დრო, რომელშიც ბუდუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, „ტორპედომ" კი 7-0 მოიგო.  მიუხედავად ამისა, უეფა-ს ევროპა ლიგის დაწყებამდე, კახა ჩხეტიანს ბევრი საფიქრალი აქვს. განსაკუთრებით დაცვის ხაზში მას შემდეგ, რაც გუნდი მამუკა კობახიძემ დატოვა, ოლეკსანდრ აზაცკის საკითხი კი, გაურკვეველია. ფეხბურთელს იჯარა დაუმთავრდა და ახლა ქუთაისელებს მისი გამოსყიდვა მოუწევთ.  

***

ორი განსხვავებული ტაიმი „მიხეილ მესხი 2"-ზე, რომელიც მე-2 წუთზე ირაკლი სიხარულიძის სწრაფი გოლით გაიხსნა. ლევან კორღალიძის „ლოკომოტივმა", „რუსთავთან" მატჩი აქტიურად დაიწყო, თუმცა საკუთარ მოედანზე დომინირება, მხოლოდ პირველი ტაიმის საწყისი 20 წუთი მოახერხა. ამის შემდეგ რუსთაველებმა ნელ-ნელა გამოასწორეს ბურთის ფლობის მხრივ თამაში და ბულისკერიაც რამდენჯერმე შეაწუხეს. თუმცა თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ზაზა ციცქიშვილმა კი პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა 1-1. მეორე ტაიმში, „რუსთავმა" მუხტი შეინარჩუნა, „ლოკომოტივი" კი, თითქოს დაიღალა. ერთადერთი, რაც ამ ტაიმში მასპინძელთაგან დაგვამახსოვრდა დავით სამურკასოვის შორეული დარტყმა იყო, რომელიც კარიდან შორს გასულმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.

***




საქართველოს ჩემპიონის რიგებში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყებამდე გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა. ბათუმის „დინამოს" რიგებს კი, მამუკა კობახიძე იცავდა. თუმცა ის ფაქტი, რომ „საბურთალოსა" და „დინამოს" შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა, სულაც არ არის ამ 2 ფეხბურთელის დამსახურება. ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ-ორ ადგილზე მყოფი გუნდების თამაში უღიმღამოც იყო და სანახაობასაც მოკლებული. თუ არ ჩავთვლით, შეხვედრის საწყის მომენტში, ბათუმელთა მიერ შექმნილ 2 მომენტს, რომლის დროსაც „საბურთალო" ომარ მიგინეიშვილმა იხსნა. შეხვედრა ფრედ   0-0  დასრულდა.

***

მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მასპინძლები მთელი პირველი ტაიმი დომინირებდნენ, მხოლოდ, მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხა გიორგი დეკანოსიძის „დილამ", "ვიტ ჯორჯიას" გატეხა. ალვინ ფორტესის გადაცემების შემდეგ, 3-წუთიან შუალედში, 47-ე და 50-ე წუთებზე გოლები დიდიე კოუგბენიამ და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.  ორივე საგოლე სიტუაციაში ლომის წილი, გორის „დილაში" იჯარის წესით მყოფმა გიორგი კუციამ შეიტანა.  აღსანიშნავია, რომ ამ დღეს დილელთა კარს გიორგი ბეგაშვილი, საკმაოდ წარმატებულად იცავდა.  „დილამ", ანგარიშით 2-0 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

***



თბილისში, „დინამო არენაზე" მასპინძლები თითქმის მთელი პირველი ტაიმი დომინირებდნენ და „ჩიხურაც" დინო ჰამზიჩს უნდა უმადლოდეს, რომ საჩხერლებმა ეს ტაიმი მშრალად შეინახეს. ჩიხურელთა მეკარემ ლევან შენგელიას, ნიკა ნინუას, ვიქტორ მონხილისა და აბდელ მეჯობს დარტყმულები მოიგერია. ამ ტაიმიდან კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი, დინამოელთა უკრაინელი დებიუტანტის ოლექსანდრ კაპლიენკოს ტრავმა იყო სრულიად უწყინა ვითარებაში, რომლის გამოც დინამოელთა ახალ მცველს მინდვრის დატოვება მოუხდა.


სრულიად განსხვავებული იყო მატჩის მეორე ტაიმი, რომელიც სოსო ფრუიძის გუნდმა შეძლებისდაგვარად გაათანაბრა თუმცა, გამარჯვების გოლი, საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „დინამო თბილისმა" გატანა, 1-0. გოლიდან რამდენიმე  წუთში მისი ავტორი, ნიკა ნინუა მინდვრიდან გააძევეს. თუმცა, ნინუას გაძევებამდე შეხვედრის არბიტრმა შოთა კაშია გააძევა. გუნდებმა მატჩი კაცნაკლული შემადგენლობით გაათავეს. „დინამო თბილისმა" საჭირო 3 ქულა აიღო. თამაშიც, ბოლო სათასო შეხვედრის და სხვა, ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩებს შორის ცოტა გაუმჯობესებული იყო, თუმცა 11 ივლისამდე თბილისური კლუბის სამწვრთნელო შტაბს კიდევ ბევრი პრობლემის „დალაგება" მოუწევს. თუმცა, ისევე, როგორც სოსო ფრუიძეს „ჩიხურაში", რომელიც წლევანდელ ევროტურნირებს თუ არ ჩავთვლით, მომავალ გათამაშებაში, შესაძლოა, საერთოდ მათ მიღმა დარჩეს.



და ბოლოს, „დინამო თბილისისა" და „ჩიხურას" მატჩის დაწყებამდე, შოთა კაშიას, „ჩიხურას" შემადგელობაში ჩატარებული 200 მატჩის აღსანიშნავად სიმბოლური მაისური გადასცეს.  




სატურნირო ცხრილი