ქართველ ტყვიით მსროლელებს ცოტა დააკლდათ
ქართველ ტყვიით მსროლელებს ცოტა დააკლდათ
22.06.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა წყვილთა შორის გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულეს. ნახევარფინალი მათ 577 ქულით დაამთავრეს და ორი ქულით ჩამორჩნენ ბელარუს წყვილს.  წარმატების შემთხვევაში ქართველები, ბელარუსებს ე.წ. 10-იანებით გაუსწრებდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლებას მიიღებდნენ.


დიდ ფინალში ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება რუსეთისა და სერბეთის გუნდებმა მოიპოვეს, შეხვედრა კი,  რუსებმა - არტემ ჩერნოუსოვმა და ვიტალინა ბაცარაშკინამ 17:9 მოიგეს. მეორეზე სერბეთი გავიდა - ზორანა არუნოვიჩი და დამირ მიკეცი. ბრინჯაოს მედალს გერმანელები - კრისტიან და სანდრა რაიტზები დაეუფლნენ, რომლებმაც დასკვნით პაექრობაში 16:8 მოუგეს მასპინძელ ბელარუსს (ვიქტორია ჩაიკა- ულადისლაუ კურდძი).

 

ნინო სალუქვაძე: „გუშინ ვარჯიშზე და დღესაც საცდელ სროლებში საერთოდ არაფერი არ გამომდიოდა, რის გამოც, ცოტა რა იყოს და პანიკაში ვიყავი. ძალიან ცუდი განათებაა და მიჭირდა, თუმცა დღეს გამოსვლა კარგად დავიწყე, დასაწყისში 7 10-იანი გავაკეთე, ჩემმა მეწყვილემაც კარგად ამიბა მხარი და ნახევარფინალში მოვხვდით. 8 საუკეთესოში მოხვედრაც დიდი მიღწევაა, რადგან ფინალის მიღმა ისეთი ძლიერი გუნდები დარჩნენ, როგორებიცაა უკრაინა, რუსეთის მეორე, საფრანგეთის პირველი გუნდები, საბერძნეთი და სხვა. არადა, ახლახან დამთავრებულ მსოფლიოს თამაშებს სულ ეგენი იგებდნენ, ჩვენ კი პირველად მოვხვდით ნახევარფინალში. იმ ეტაპის დასრულების შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას, ჩვენ კი ცოტა დაგვაკლდა მათში მოსახვედრად. თუმცა ეგ კი არა, იარაღის პრობლემა წარმომექმნა და კინაღამ მომხსნეს შეჯიბრებიდან. ჩვენთან წესია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ წილისყრით ვისაც მოუწევს, საკონტროლო შემოწმებაზე იძახებენ. ამჯერად ეს მე მომიწია და იარაღმა ორჯერ არ დაიჭირა სასხლეტი. მესამედ უკვე მთავარ მსაჯს დაუძახეს და იმასთან კი დაიჭირა, მაგრამ მანამდე მე ლამის გული წამივიდა. ამ იარაღს არასოდეს უღალატია. შეიძლება, ახლა იმიტომაც მოუვიდა, რომ დარბაზში ძალიან ცხელა, რამაც დეტალებზეც იმოქმედა. საშინელი სიცხეა შიგნით, კონდიცირებაც არაა. ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ ხელი სახელურში დამსველებოდა. იარაღს რომ ემტყუნა, ჩემი შედეგი განულდებოდა და ტურნირიდან მომხსნიდნენ. პისტოლეტი ეგრევე შევასწორე და კარგად დავუჭირე, რომ კითხვის ნიშანი აღარ დარჩეს. ისე კი გამოსვლისას მეც გამიკვირდა, რადგან რამდენჯერმე უცებ გამივარდა.


მთლიანობაში. კმაყოფილი ვარ ამ გამოსვლით. ხვალ პნევმატურში პირად პირველობაში გვაქვს შეჯიბრება. დღეს დავიხარჯეთ და ხვალამდე უნდა მოვასწროთ აღდგენა. ძალიან დამღლელი შეჯიბრებაა - ზედიზედ ოთხ დღეზეა გადანაწილებული ტურნირი და ყოველ დღე ასეთი დახარჯვა ძნელია, მაგრამ დღევანდელი დღით რაკი კმაყოფილი ვარ, ეს გახარჯვა ათმაგად ამინაზღაურდება".