მეორე ევროპული თამაშები 21-30 ივნისს გაიმართება
მეორე ევროპული თამაშები 21-30 ივნისს გაიმართება
21.06.2019
ავტორი: სეოკ

მინსკის „დინამოს"  სტადიონზე, 21 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც თვალს ადევნებდა 22 ათასი მაყურებელი და მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორია.


მონაწილეთა აღლუმზე გამოვიდა ევროპის 50 ქვეყნის  დელეგაცია. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი.


დღესვე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მინსკის მეორე ევროპული თამაშების გახსნის დღეს ასპარეზობაში ჩაერთვნენ ქართველი მოკრივეები და მშვილდოსნები.


მოკრივეებიდან 1/16-ფინალური ბარიერი გადალახა არტუშ გომციანმა, რომელმაც უმსუბუქეს წონაში (56 კგ) პოლონელი იაროსლავ ივანოვი დაამარცხა და მერვედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბახტოვარ ნაზიროვს შეხვდება.


გიორგი ხარაბაძემ (75 კგ) 1/32-ფინალურ შეხვედრაში სერბ მილოსლავ სავიჩს მოუგო და 1/16-ფინალში აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის დაუპირისპირდება.


ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ) 1/16-ფინალში ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო და მერვედფინალში უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს შეხვდება.


1/16 ფინალური დაპირისპირებაში უნგრელი იშტვან ნაგი დაამარცხა მიხეილ ბახტიძემ (+91) და შემდეგ ეტაპზე ირლანდიელ დინ გარდინერთან უწევს ბრძოლა.


საწყისი ეტაპები გადალახეს მშვილდოსნებმაც. ჯაბა მოსეშვილი ერთეულებში 1/32 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იქნება ხორვატი მატია მიჰალიჩი.


ასევე 1/32 ფინალში გავიდა ციკო ფუტკარაძე, რომელსაც პოლონელ სილვია ზაიზანსკისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.


შერეულ წყვილებში მოსეშვილი/ფუტკარაძის წყვილმა 1/16 ფინალში პოლონეთი 5:1 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ჰოლანდიასთან 4:5 დამარცხდა.


22 ივნისს შეჯიბრებაში ჩაებმებიან ძიუდოისტები, სამბისტები, მოკრივეები და ტყვიის მსროლელები, აგრეთვე - მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა.