„ნიკეს“ ჯგუფი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია
„ნიკეს“ ჯგუფი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია
21.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში, 21  ივნისს, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონის, საფეხბურთო კლუბი „ნიკეს"  მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვა უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

საქართველოს ჩემპიონი მე-3 ჯგუფში  სლოვენიურ „პომურიე ბელტინჩისთან", შოტლანდიურ „ჰიბერნიან ლეიდიზთან" და უელსის „კარდიფ მეტ"-თან  ერთად იასპარეზებს. თამაშები სლოვენიააში გაიმართება.

საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე თავის პირველ შესარჩევ რაუნდში, გივი კვარაცხელიას გუნდს  მატჩებს 7, 10 და 13 აგვისტოს გამართავს.

2019-20 წლების გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უეფა-ში 50 წევრი ქვეყნის 62 კლუბის განაცხადი შევიდა. ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ლიონი", უეფა-ს 2017-18 წლების სეზონის რეიტინგით 10 ტოპ ასოციაციის 2-2 გუნდი (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, შვეცია, ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, იტალია, შვეიცარია, რუსეთი), ასევე შოტლანდიისა და ავსტრიის მოქმედი ჩემპიონები, ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, 11 სექტემბრიდან,  1/16 ფინალიდან შეუერთდებიან.

თუმცა, მანამდე, ქალთა 40 კლუბი, სწორედ 10 ჯგუფში გადანაწილებული დარჩენილი 10 საგზურისთვის იბრძოლებს.  საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს" გარდა, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში დებიუტი ექნებათ, „ბრაგას", „სპლიტს", „ბეშიქთაშს", „ფლორა ტალინს" და „ალაშკერტს".

„ნიკეს" გარდა, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ქალი იასპარეზებს. ყაზახეთის „ბიიკ კაზაგიურტთან" ერთად, ყაზახეთის მრავალგზის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, საქართველოს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი ქალი გულნარა გაბელია ითამაშებს. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე კი,  თავის ახალ, უკრაინის ჩემპიონ გუნდთან „ჟიტლობუდ-1" საკვალიფიკაციო ჯგუფიდან დაიწყებს ასპარეზობას.