დანია + მსაჯი - ტრავმირებული ქართველები = 5:1
დანია + მსაჯი - ტრავმირებული ქართველები = 5:1
11.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, კოპენჰაგენში, ევრო 2020 წლის D ჯგუფის მეოთხე კალენდარული მატჩი, ცოტა ხნის წინ დიდი ანგარიშით 5-1 წააგო.  დანიის ნაკრების წინააღმდეგ, როგორც დაანონსებული და მოსალოდნელი იყო, ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები გააკეთა. ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში 4 საყრდენი დააყენა, რაც საბოლოოდ შეცდომა გამოდგა. ბუნებრივია, მწვრთნელის გადაწყვეტილებებში ჩარევა აზრს მოკლებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ, შესაძლებელი იყო თუნდაც ამ მოცემულობით ოდნავ სხვა სისტემით „დალაგება".

ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის კატასტროფულად დიდი რაოდენობით ტრავმირებული ფეხბურთელი - ეროვნულს საერთო ჯამში, ძირითადი შემადგელობის 8 ფეხბურთელი აკლდა. ეს კი, ვაისს ხელ-ფეხ შეკრულს ტოვებდა.

უკვე დასახელებულ 2 გარემოებას, უშუალოდ მატჩის დროს, კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა,  ავსტრიელი არბიტრის რობერტ შიორგენჰოფერი. ავსტრიელი მსაჯის გამიზნული შეცდომები ალბათ კიდევ დავის საგანი იქნება. მომენტი, როდესაც ჯაბა კანკავაზე დანიშნა 11-მეტრიანი (ჯაბას მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს), რომელიც არ იყო დასანიშნი (მომენტი გამეორებაზეც კარგად ჩანს). ამას გარდა, „ვერ დაინახა" მეკარის საჯარიმო ბაქანში, ქართველთა კარის მცველისთვის ჩაყენებული ბლოკი, რის შედეგადაც გიორგი ლორიამ კარის დაცვა ვეღარ მოახერხა. მესამე გოლმა კი, საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, დღევანდელ თამაშში განსაკუთრებით დაცვის ხაზში, საბოლოოდ მოშალა.

თამაშის პირველი წუთებიდან, დანიელების მჭიდრო პრესინგის ხარჯზე, მეტოქეს ბევრი სივრცე რჩებოდა და გრძელი გადაცემებით საქართველოს ნაკრების საჯარიმოში, რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. დანიელები კარგები იყვნენ სტანდარტულებშიც და „სამსახიობო ხელოვნებაშიც".

შეხვედრაში ანგარიში დანიელებმა გახსნეს, თუმცა 13 წუთში საბა ლობჟანიძემ წონასწორობა გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ საბას, ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მის გოლი კი, ერთადერთი აღმოჩნდა ამ დღეს, ქართველთა მიერ გატანილი.

ბუნებრივია, „შესაძლოა", „რომ არა" ვარიანტები დასაშვებია, თუმცა, ეს საქართველოს ნაკრების დღევანდელ თამაშს ვერ ამართლებს. ფაქტია, რომ რამდენიმე 2-3 წუთიანი გამონათების გარდა, დღეს ჩვენებს თამაში არ გამოუვიდათ და ამის მოსმენა, სულაც არ არის გასაბრაზებელი.

ბუნებრივია ისიც, რომ მხოლოდ მსაჯზე თითის გაშვერა ხეირს ვერ მოგვიტანს - ახლა სწორი დასკვნებია გასაკეთებელი. ამას გარდა ისიც გასათვლელია, „შევასკდეთ" ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის ეტაპს, თუ მიზანმიმართულად ერთა ლიგის დარჩენილი 2 ნაბიჯისთვის შევინახოთ ძალები, ენერგია და გათვლები. თან ისე, რომ სტადიონზე მობრუნებული გულშემატკივარი, უკან არ გაბრუნდეს.

საქართველოს ნაკრები, მომდევნო შეხვედრას კვლავ დანიის წინააღმდეგ, მხოლოდ ამჯერად თბილისში, 8 სექტემბერს ჩაატარებს.

საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, გია გრიგალავა, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა დვალი 79'), საბა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა პარუნაშვილი (გიორგი პაპუნაშვილი 58), ოთარ კიტეიშვილი (ელგუჯა ლობჯანიძე 76), ვაკო გვილია.

გოლები: 1-0 დოლბერგი (13'), 1-1 ლობჟანიძე (25'), 2-1 ერიკსენი (30' პენ), 3-1 დოლბერგი (63'), 4-1 პოულსენი (73')

გაფრთხილება: კანკავა (29'), კვეკვესკირი (51'), გვილია (54'), პაპუნაშვილი (64')