ხომ არ ბრუნდება „თოთა“ დინამოში?
ხომ არ ბრუნდება „თოთა“ დინამოში?
10.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხომ არ ბრუნდება „თოთა“ დინამოში? ეს არის ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ლაშა თოთაძეს დავუსვი. ფაქტია, რომ ჯერ "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბოლო მატჩის დროს და შემდეგ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელის გამოჩენამ ათასი ვერსია დაბადა. ამ ინტერვიუში შევეცდებით, სიახლეები თავად ფეხბურთელისგან გავიგოთ.

ლაშა თოთაძე ირანში ოჯახის გარეშეა წასული. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მცირეწლოვანი შვილების უცხო ქვეყანაში გადაყვანით, უპირველესად, ის იგრძნობს დისკომფორტს, რადგან სანაცნობო წრე, მაშინ როდესაც „ნასაჯი მაზანდარანს" თამაშები ექნება, მისი ოჯახისთვის, საკმაოდ შეზღუდული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ირანული ქალაქი ქაემშაჰრი, ტურისტულად საკმაოდ საინტერესოა, პროფესიული წარმატებისთვის, ფეხბურთელმა ოჯახის საქართველოში დატოვება არჩია.




თბილისში ჩამოსვლისას, ისევე, როგორც „დინამოდან" წასული სხვა ფეხბურთელები, „თოთაც" ნაცნობ ბაზას აკითხავს ხოლმე და იქ, ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. ლაშას, „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შევხვდი. დინამოელებთან ვარჯიშის შემდეგ დიდხანს ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, „დინამო თბილისიდან" წასულ ფეხბურთელებზე ჩაკვეტაძეზე, არაბულზე, კიტეიშვილზე, ლობჟანიძეზე და ბუნებრივია, ყურადღების მიღმა, არც ჩვენს საუბრამდე ერთი დღით ადრე ევრო 2020-ის საქართველო-გიბრალტარის მატჩის ირგვლივ ლაპარაკს ავარიდეთ თავი.

- როგორ მოგეწონა ეროვნული ნაკრების თამაში?

- სასიამოვნოა, როდესაც ეროვნული ნაკრები კარგ შედეგს აღწევს. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი დონის გუნდს ხვდები. თანაც, როდესაც ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გადახალისებული იყო. ძალიან გამიხარდა, ამ მატჩში „კვარამ" და „ხარაბამ" მიიღეს მონაწილეობა, თან სასტარტო შემადგენლობაში, იმიტო, რომ ეს ბიჭები ჩვენი გაზრდილები არიან „დინამოს აკადემიის". „დინამო თბილისში" ყოფნის დროს, მათთან სხვა ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ასევე, შემიძლია ვთქვა კაკაბაძესთან მიმართებაში, „კიტესთან"... ზოგადად, ნაკრების თამაშში მონახაზი იგრძნობოდა. პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ შედეგით. მეტოქე ვერ მოგვცემს იმის თქმის უფლებას, რომ მინუსები და მათზე სამუშაო არ გვაქვს, მაგრამ არის ნაკრებში ის ბირთვი, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. კონკრეტულად, ვიასპარეზოთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაზე.




- ახსენე „კვარა" და „ხარაბა", შენ ისინი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა გახსოვდეს. იგივე „ჩაკვე"... დღევანდელი გადმოსახედიდან, რა სხვაობას ხედავ, იმ და ამ „კვარას", „ხარებას", „ჩაკვეს" შორის?

- „ჩაკვეს" შეფასებისგან თავს შევიკავებ. ის „არანორმალური" ფეხბურთელია და „არანორმალური მოვლენაა" ქართულ ფეხბურთში. ასეთი ფეხბურთელი, ჩვენთვის ძალიან ფუფუნებაა, ზოგადად. უნდა გავუფრთხილდეთ თვალისჩინივით. არ შეიძლება მისი ზედმეტი ქება ან კრიტიკა. თუმცა, კი მას ჯერ კრიტიკა არ ჰქონია, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც, შეიძლება საზიანო იყოს. ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა გავაკეთოდ .  ქართველებს ძალიან გვიყვარს ძალიან სიყვარულიც და მერე სიძულვილიც. ჩაკვეტაძე უნდა იყოს რაც შეიძლება თავისთვის და თავისუფლად.

კვარაცხელიას და ხარაბაძის პირველი ვარჯიშები მახსოვს. „კვარას" თამაშებს რუსეთს ჩემპიონატზე ვუყურებ ხოლმე. საერთოდ ვაკვირდები იმ ჩემპიონატს, რადგან იქ ბევრი ჩვენიანია.  სამწუხაროდ ლევანის თამაშები, მხოლოდ და მხოლოდ უეფას ტურნირის დროს ვნახე. „ხარაბა" იმ სტილის თამაშს აგრძელებს, როგორსაც „დინამო თბილისში" თამაშობდა. არა აქვს, მნიშვნელობა „დინამოში" იყო, ნაკრებში არის, თუ შვეიცარიაში, იგრძნობა, რომ ის, მოედანზე ძალიან თავისუფალია. „კვარას" შემთხვევაში, დავინახე დიდი პროგრესი. თუნდაც ის, რომ დაცვით ფუნქციებში გუნდს კარგად ეხმარება. მუშაობს. რუსეთში, ისეთ გუნდში და ისეთ მწვრთნელთან (სიომინთან) არის, რომ ზუსტად ამ მომენტების დახვეწაში მიეხმარნენ. ეს გუშინაც იგრძნობოდა, სტადიონზე, ნაკრების თამაშის დროს. შავ სამუშაოს არ თაკილობს და გუნდს ამაში ეხმარება.




- მოდი ახლა შენზეც ვისაუბროთ. ირანში, როგორ „გამყარდი"?

- საქართველოსგან ძალიან განსხვავდება. საქართველოს ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში. ფეხბურთი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირანში, არის მაღალ დონეზე. აზიაში ერთ-ერთი საფეხბურთო ქვეყანაა და ყოველთვის გამოირჩეოდა. მას ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებიც, მაგალითად „ბაიერნში" და სხვა ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ.

ძლიერია შიდა ჩემპიონატი: ერთი, რომ ჩადებული არის ძალიან დიდი ფინანსები.  მეორე, ადგილობრივი ფეხბურთელები ცდილობენ ნაკლებად წავიდნენ უცხოეთში სათამაშოდ და ამას, იმისდა მიუხედავად აკეთებენ, რომ შემოთავაზებები კარგი გუნდებისგან აქვთ. ეს, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ პირობები  (ფეხბურთელისთვის მნიშნველოვანია ანაზღაურება და ოჯახის მისახედი პირობები) აკმაყოფილებთ. თამაშობენ იქ, სადაც უხარიათ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. ახლა, ჩამოვედი ცოტა ხნით და ისე მიხარია აქ, „დინამოსთან" ერთად ვარჯიში. აქ, როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ თავს.




- ხომ არ დარჩებოდი?

- არ ვიცი, არაფერია გამორიცხული. "ნასაჯისთან" ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს. თუმცა, ახლა, ჩემს გუნდში, ცოტა არეულობაა - ფინანსური პრობლემებია. ცუდად არ ვთამაშობთ. 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავედით. გუნდის ხელმძღვანელობამ მიზნად დაგვისახა ლიგაში, ადგილის შენარჩუნება. ჩვენ კიდევ, გავედით ტოპ გუნდების შემდეგ, მე-8 პოზიციაზე. საკმაოდ ისტორიული კლუბია, მაგრამ რაღაც პაუზის შემდეგ, 15 წელი ჩავარდნა ჰქონდათ, მოუწია დაბრუნება ამ ლიგაში და მონდომებულები არიან.

მესამე გარემოება, რატომ არის ირანში უფრო ძლიერი ჩემპიონატი - ჩემს გუნდს ძალიან ბევრ გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენი სტადიონი 42 ათასს გულშემატკივარზე გათვლილი, მაგრამ თამაშებზე 50000-მდე კაცი მოდის. კიბეებზე სხედან ხოლმე. უსაფრთხოების ზომები, შესაძლოა დაცული არაა,  თუმცა, სტადიონზე გადმოსვლით, არავინ გადმოვა. ყოველ შემთხვევაში, რაც მე იქ ვარ, სახლში თამაში არ წაგვიგია და მინდორზე გადმოსვლაც არ უცდიათ. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი სეზონი იყო, სახლში თამაში არ წაგვიგია და ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის. ამდენი ქომაგი, რომ მოდის, სულ სხვა ემოციაა და სულ სხვა განცდაა, როდესაც უშუალოდ თამაშის დღე მოდის.




- მაინც როგორია თამაშის დღე ირანული კლუბისთვის?

- ყველაფერი გავიწყდება. გავიწყდება დაღლილობა და თამაშისთვის მაღალი კონცენტრაცია გაქვს. ყველა თამაში მაღალ დონეზე შუქდება. განიხილავენ ფეხბურთელებიდან დაწყებული მსაჯის შეცდომებით დამთავრებული ყველა დეტალს. სხვათა შორის, დიდ მნიშვნელობას აქცევენ მსაჯის შეცდომებს. VAR ჯერ არც იქ არის, მაგრამ სატელევიზიო გადაცემებში, მსაჯების ქმედებების, რომლებმაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია, განხილვა მიდის.

- თქვი, რომ ირანის ჩემპიონატი ძლიერია ფინანსურად. ჩემპიონატში იდება დიდი ფული. ირანზე საქართველოში საკმაოდ დამაკნინებელი წარმოდგენა აქვთ. შესაბამისად უყურებენ ფეხბურთსაც ირანში. რა იგულისხმე დიდი ფულის ჩადებაში, ინფრასტრუქტურა?

- ირანის მიმართ, ჩვენთან რატომ არის ეს მიდგომა არ მიკვირს. ცხოვრების დონე, ჩვენგან განსხვავებით, არის რადიკალურად განსხვავებული. არ არის თავისუფლება, არანაირი დემოკრატია, ლიბერალიზმი და ა. შ. გამორიცხულია. ეს ფილმები, თუ წიგნებია ირანზე დაწერილი, ყველაფერი არის დიქტატურაზე და ხალხის უფლებების დარღვევებზე და ა.შ. ალბათ, ჩვენთან ხალხსაც ირანზე ამიტომ აქვს ეს წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, ირანში კრიმინალი არის გაცილებით ნაკლები, შედარებით, თუნდაც საქართველოსთან, მაგრამ არის ჩარჩოები და რთულია არამუსულმანისთვის იქ ცხოვრება. ელემენტარულად, თავისუფლად ვერ გახვალ ქუჩაში „შორტით". რაც შეეხება საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, უმეტეს გუნდს აქვს უმაღლესი დონის სტადიონი. აი, „დინამო თბილისის" დონის ბაზა კი, იქ არავის აქვს, მაგრამ სტადიონები აქვთ.  სავარჯიშო მოედნების პირობები უჭირთ. ერთსა და იმავე ბაზაზე, შესაძლოა 4-5 გუნდი ვარჯიშობდეს. იქ, უფრო ყურადღება ექცევა სტადიონს, რომ ფეხბურთელმა ითამაშოს და მაყურებელი მოვიდეს. ამ მხრივ, საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა. სტადიონები გაკეთდა, ბაზები გაკეთდა, ახლა ბათუმში კეთდება, ქუთაისის მინდორი უნდა აღდგეს, აქ რაოდენობრივად ინფრასტრუქტურა მეტია. თუმცა, სამწუხაროდ, ფეხბურთი იქ გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ჩვენთან.

ჩვენ საქართველოში წინ ვართ, მაგრამ ფეხბურთელისთვის პირობა, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არაა. მნიშვნელოვანია ფინანსური დაინტერესება. ჩაჰყავთ ახალ უმაღლესი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელები. ერთი, ბომბარდირი გახდა, სუარესია გვარად. ჩემპიონატი, რომ საინტერესო გახადონ, რესურსი აქვთ.




- არა მუსულმანს გაუჭირდება იქ ყოფნაო, ასეთი რამ თქვი. შენ იქ დაგხვდა „გველესა", რომელსაც იქაურობა უკვე გაკვალული ჰქონდა. ეს დაგეხმარა?

- გიორგი გველესიანის მონაყოლიდან ვიცი, რომ პირველი 6 თვე ძალიან რთული იყო და ჰქონდა მომენტები, რომ სახლში უნდოდა დაბრუნება. ყველაფერზე უარი ეთქვა...

- რელიგიური ნიშნის გამო იყო ეს, თუ?

- არა, არანაირად.  საბედნიეროდ ასეთი განწყობა არ არის. სანამ არ ჩახვალ და ცოტა ხანი არ იცხოვრებ, ძნელია აღვწერო. მინიმუმ 20 დღე უნდა გაჩერდე. პირველი 3-4 დღე საინტერესოა. დადიხარ, ათვალიერებ. საინტერესოა. ასე, ჯუნგლებიც საინტერესოა, მაგრამ, დიდხანს იქ, ხომ ვერ იცხოვრებ? დაახლებით ეს შეგრძნებაა. ყველაფერი დისკომფორტს გიქმნის. ელემენტარულად, ენა არავინ არ იცის. არ იციან, ელემენტარული ინგლისური, რომ თუნდაც მაღაზიაში შეხვიდე და სხვის დაუხმარებლად გააგებინო. მეორე, რამაც დისკომფორტი შემიქმნა, დამწერლობაა - ციფრების... ყველაფერი თავისი აქვთ და უყვართ. არიან პატრიოტები და ვისაც არ მოსწონს, წავიდესო.

„გველესამ" ჩემს ადაპტაციაში დიდი როლი ითამაშა. მას ჩემი ეს გზა, განვლილი ჰქონდა და მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას, ასე რომ ეს დისკომფორტი მე არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვართ, დღე და ღამე ერთმანეთს ვართობთ, ვეხმარებით, ვამხნევებთ, მაგრამ ოჯახისგან მოშორებით, რთულია. კარგი ისაა, რომ თეირანიდან თბილისამდე ერთი საათია ფრენა, თან რეისები ყოველდღიურად სრულდება და როდესაც, თავისუფალი დრო გვაქვს, ეგრევე აქეთ მოვდივართ ხოლმე.

- გარემოს გარდა, უცხო გუნდთან, უცხო სტადიონზე, სად გაგიჭირდა, რა იყო რთული, ან პირიქით, რა გაგიადვილდა?

-  არ მოველოდი ასეთი ძლიერი დონის ჩემპიონატს. გამოვარჩევდი მეორე თამაშს, რადგან პირველი გვქონდა გასვლა და მეორე თამაში სახლში. ჯერ სტადიონამდე ვიდრე მივაღწევდით, შემდეგ ეს 50000 კაცი რომ დავინახე...

- ანუ ის დერეფანი, ფანების, ირანშიც უნდა გაიარო?

კი, არის ერთი „ჯოჯოხეთი". ავტობუსით კი შედიხარ, მაგრამ თუ „ჩაგავლეს" სიყვარულის ნიშნად ხელი, შეძლება ვერც გამოგიყვანონ. დაცვა კი არის, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ვერაა კარგად დაცული.  ორივე საწყის შეხვედრაში სასტარტოში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოვირჩეოდი ორთაბრძოლებში და ჩემი პლუსი არის სწორედ, ეს ორთაბრძოლები და დაცვითი ფუნქციები. ორთაბრძოლებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ფიზიკურად არიან ძლიერები. სანამ მივეჩვეოდი, „ქართულად", ტექნიკურად ვცდილობდი თამაშს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე, არ გამოვიდოდა. იქ, არავინ აქცევს ყურადღებას ბურთი გააჩერე ან დაკარგე, პირველ რიგში ყურადღება ექცევა ორთაბრძოლას. უნდა იყო აგრესიული. ერთი წუთითაც არ გაძლევენ ზედმეტად ფიქრის საშუალებას.




- ახლა, შენი ერთი თამაში გამახსენდა. რეალურად, „დინამო თბილისმა" იმ დღეს გაუშვა ხელიდან ჩემპიონობის შანსი. „პეტრო არენაზე" ბოლო წუთზე, რომ ყვითელი მოგცეს და მომდევნო ტური და რეალურად საჩემპიონო „ფინალი" გამოტოვე...

კარგია, რომ მსაჯების თემა გამახსენე. ჩვენს ჩემპიონატს, ირანიდანაც ვადევნებ თვალს. პირველ რიგში, თუ მსაჯებმა არ შეუწყეს ხელი ჩვენი ჩემპიონატის დონის ამაღლებას, არაფერი გამოვა. კი, შესაძლოა, იყოს ჯარიმა და ამაში მსაჯს ვერ შეედავები, მაგრამ არის ისეთი ნიუანსები, რომ იმ მომენტში, თამაშის ტემპი, რომ არ დავარდეს ის ჯარიმა არ დაიდოს. თუ გვინდა ტემპი და გახსნილი თამაში, მსაჯმა უნდა შეუწყოს ამას ხელი. მინდა მეგობრული რჩევა მივცე, გავაკრიტიკო, არ ვიცი რა დავარქვათ, მაგრამ მისცენ ფეხბურთელებს თამაშის საშუალება. ირანის ჩემპიონატში მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი მაქვს მიღებული და გახსოვს, შენც, რომ აქ თითქმის ყოველ მეორე თამაშზე ყვითელს ვიღებდი. მერე მეც ვზარალდებოდი, კლუბიც და არაა ეს, ფეხბურთელისთვისაც სასიამოვნო. როდესაც ასე ხდება, მერე ფეხბურთელიც ავტომატურად, ბრძოლას გადაჩვეული ხარ. ასე ვთქვათ, აგრესიულ თამაშს და რომ გადიხარ ისეთ დონეზე, როგორიც მაგალითად უეფა-ს თამაშებია (კი, ბევრი იტყვის, რომ უფრო მეტი ყვითლები და წითლები უეფა-ს თამაშებზე გქონდაო), ორთაბრძოლებში, რასაც ფეხბურთი ჰქვია, ფეხბურთელმა ზღვარზე უნდა ითამაშო. აგრესია, წესების დარღვევასთან ზღვარის სიახლოვეს. მოკლედ, უნდა იბრძოლოს და ამას კიდევ, მსაჯმა უნდა შეუწყოს ხელი. „აიაქსის" თამაშებს ვუყურებდი და ახალგაზრდა ბიჭები არიან და როგორი აგრესიულები არიან.

- ირანში ერთი გოლი გაქვს გატანილი. ეს შენი ცნობილი „ბომბის გასროლა" იყო?

- კი,  ჯარიმით გავიტანე. სხვათა შორის, ხშირად არ დებენ მსაჯები ჯარიმებს, თორემ, ალბათ უფრო მეტი მექნებოდა გატანილი. ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ასე გამოდის. აქ, თამაშში შესაძლოა 4 შანსი გქონდეს, ჯარიმიდან გოლის გატანის და ირანში 4 თამაშში, ერთი.




- შენ თქვი, რომ საქართველოს ჩემპიონატს დღემდე ადევნებ თვალს. ევროტურნირები ახლოვდება. როგორ ფიქრობ რამდენად არიან ქართული კლუბები მზად და რა უნდა შეცვალონ?

- „დინამო თბილისი", თუნდაც წინა წელს შევადაროთ. ჩვენ, რომ გვეგონა კარგები ვიყავით, არაფერი გამოვიდა. იმ გუნდთან შედარებით, წელს სუსტად გამოვიყურებით. მარტო „დინამოზე" არ ვლაპარაკობ. ქუთაისის „ტორპედო" საკმაოდ კარგი გუნდია და ახლა ფინანსური პრობლემების წინაშეა. სამწუხაროა, რომ ასეთი კარგი გუნდი, ელემენტარულად იმის გამო, რომ ფეხბურთელს რაც ეკუთვნის, იმას არ უხდიან და ამის გამო, შეიძლება გუნდი დაიშალოს. თუკი, „ტორპედოში" სიტუაცია გამოსწორდება, პირველ რიგში, ქართული ფეხბურთი არ დაზარალდება. „ჩიხურა" - წელს, ყველაზე ნაკლები თამაში მაქვს ნანახი, მაგრამ შესაძლოა, ვისგანაც ყველაზე ცოტას ველით, იმან უფრო მეტი გააკეთოს. „საბურთალო", მგონია რომ ევროტურნირებისთვის მზად არ არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ევროტურნირებზე პირველი წელია თამაშობენ, გამოცდილებას მიიღებენ.

- მოდი, ისევ „დინამო თბილისის" თემას დავუბუნდეთ. შენი გადმოსახედიდან, რა ხდება „დინამოში"?

- პირველ რიგში თვალში, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამოკიდებულება მომხვდა. ურთიერთ მიდგომები. მწვრთნელები და ფეხბურთელები, ერთმანეთთან ძალიან გახსნილები არიან. ეს კარგი არის, მაგრამ ესეც თავის ნორმებში უნდა იყოს. არის თავისუფლება უშუალოდ სავარჯიშო მოედანზე და ხალისი. არც შარშან გვაკლდა ეს, „დინამოში", მაგრამ კარგია ის ვითარება, რაც ახლა გუნდშია. შესაძლოა, ეს ირანიდან დაბრუნებულს მომეჩვენა ასე უფრო, თან რომ მიხარია და მიყვარს, აქ ყოფნა აქედან გამომდინარე, მაგრამ კარგია.




- შენ, აქ ყოფნა იმდენად გიხარია, რომ გულშემატკივრებსაც შეხვდი, როგორც ვიცი.

- კი, მე-17 სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შევხვდი. „დინამოს" ირგვლივ გავცვალეთ აზრები. რა თქმა უნდა, ისინი არასდროს კმაყოფილები არ არიან. ეგრეც უნდა იყოს. აუცილებლად სჭირდება, თუნდაც, საქართველოში ყველაზე ძლიერ კლუბს, „დინამო თბილისს" კრიტიკა - ანუ „გულშემატკივრობა" ამ კუთხით. აუცილებელია, ფეხბურთელს, საკუთარი გულშემატკივრის მხრიდან  უნდა ჰქონდეს ჯანსაღი კრიტიკა და არა, სხვა მხრიდან.

- რა გითხრეს, დაბრუნდიო?

- კი, იყო ესეც (ეცინება). მინდა „დინამო თბილისს" წარმატებები ვუსურვო. ამ გუნდს,  სხვანაირად „ვბალელშიკობ". აი, მხოლოდ ვგულშემატკივრობ არა, მე-17 სექტორიდან, რომ არიან ბიჭები, ისეთი მუხტით. მიყვარს ეს გუნდი და „დინამო თბილისს" აქვს ჩემპიონობის შანსი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, უეფაზე, ჯგუფში შესვლა გაუჭირდებათ, მაგრამ ეს ფეხბურთელები ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ, რომ მომავალ წელს, ამაზეც ვიფიქრებთ. სამწუხაროდ, ახალი შექმნილი გუნდისგან არ უნდა მოითხოვო განსაკუთრებული.  ჩისკო და ეს სამწვრთნელო შტაბი 4-5 თვეა ერთად მუშაობენ და გრანდების გარდა, ასეთი ცვლილებების შემდეგ, ცოტას თუ მოუხერხებია დიდი შედეგების მიღწევა.