დანიამდე, გიბრალტარის გავლით
დანიამდე, გიბრალტარის გავლით
08.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ დილით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დანიაში, ევრო 2020-ის ივნისის ფანჯრის, მორიგი შესარჩევი მატჩის გასამართად დანიაში გაემგზავრება. გამომდინარე იქიდან, რომ TSFF.GE-ს წარმომადგენლები ვერ მოვხდით აღნიშნულ თამაშზე, ჩვენს გუნდს თბილისიდან ვუსურვებთ წარმატებას. მანამდე კი, გიბრალტართან განვლილ მატჩს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, მხოლოდ ამჯერად უშუალოდ თამაშის მონაწილე ფეხბურთელების თვალით დანახულ შეხვედრას გაჩვენებთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე" 3-0 მოიგო და ევრო 2020-ის ამ შესარჩევ ციკლში, პირველი და იმედია, არა უკანასკნელი 3 ქულა ჩაიწერა.  

დანიაში ვაისის გუნდთან ერთად გაემგზავრება 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც პირველ ტაიმში მიღებული და მეორეს დასაწყისში გამიზეზებული ტრავმის გამო, იძულებით შეცვალეს. 26 ფეხბურთელიდან რომელიც ამ შეკრებისას გუნდში იყო გამოძახებული, დანიაში 23 გაემგზავრება. შეგახსნებთ იმასაც, რომ დანიის წინააღმდეგ, ვაისი სასტარტო შემადგენლობაში 2-3 ცვლილებას აანონსებდა.




ლევან მჭედლიძე: „მეტოქე უკან იდგა და ბურთს საკუთარ ნახევარზე ათამაშებდა, ამიტომ რთული იყო სივრცეების პოვნა. სამი გოლი გავიტანეთ რაც ყველაზე მთავარია, რომ პოზიტიური განწყობით მივდივართ დანიაში.

თავს კარგად ვგრძნობ და ვიმედოვნებ, ისეთი პერიოდები და ჩავარდნები აღარ იქნება ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მქონდა.

დანიაში რთული თამაში გველის. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. დღევანდელ დღეს ჩანს, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან მოგება. მთავარია მოვემზადოთ თამაშისთვის კარგად და ჩავდოთ ყველაფერი, რაც დღევანდელმა დღემაც დაგვანახა".




ლევან ხარაბაძე: „დღევანდელ თამაშს დადებითად შევაფასებდი. სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. მოწინააღმდეგეს შანსი არ დავუტოვეთ. ასე, რომ გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

თამაშის თავიდანვე დაწყება ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რადგან ეს რომ აღწერო, უნდა გამოსცადო. დანიაში აუცილებლად გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ქულები მოვიპოვოთ".




ვატო არველაძე: „კარგი გრძნობაა, რომ გავიმარჯვეთ და მეც, თავდაჯერებული ვარ. ძალიან მიხარია, რომ ტრადიცია გავაგრძელე და გოლი გავიტანე. გოლი, მთელს საქართველოს ეძღვნებოდა, ასევე ჩემს ოჯახს და განსაკუთრებით ჩემს შეყვარებულს, რადგან დღეს მას დაბადების დღე აქვს.

ძირითადი შემადგენლობიდან თამაშის დაწყება, წნეხი ნამდვილად არ ყოფილა. ამაში ბიჭები მომეხმარნენ. უბრალოდ, გარკვეული ნერვიულობა იყო და ვცდილობდი თავი გამომეჩინა".




ოთარ კაკაბაძე: „კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ და 3 გოლიც გავიტანეთ. ფეხბურთელები, ყველა თამაშში ვცდილობთ, რომ გოლი გავიტანოთ. ამისთვის ვთამაშობთ ყველა და ყველაზე დიდი სიამოვნება მოგებასთან ერთად სწორედ გოლის გატანაა.

ფიზიკურად დასვენებული და ჯანმრთელად ვგრძნობ თავს. დანიასთან მატჩამდე უნდა მოვახერხოთ ძალების აღდგენა, რადგან თამაშამდე ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინიმუმ ქულა მაინც უნდა მოვიპოვოთ".




ვაკო გვილია: „შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. 3:0 არ არის ცუდი, მაგრამ ხარისხი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ძნელია ეთამაშო გუნდს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში თავს იცავს, მაგრამ რაც მთავარია გავიმარჯვეთ და ახლა დანიის ნაკრებთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

ეროვნულ ნაკრებში ყოველი თამაში არის დიდი ბედნიერება, დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. გატანილი გოლი კი, უფრო დიდი ბედნიერებაა. მიხარია, რომ ჩემს გუნდს დავეხმარე გამარჯვების მოპოვებაში. ახლა, მხოლოდ დანიასთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული".




გიორგი მერებაშვილი: „დღეს თამაში კარგად არ წამივიდა. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. თუმცა, გამომდინარე ამინდიდან ცოტა გვიჭირდა მოძრაობა, რადგან ძალიან ცხელოდა. რთული იყო თამაში, მითუმეტეს, რომ სეზონის ბოლოა და ძალიან დაღლილები ვართ რთული სეზონის შემდეგ.

დღევანდელ თამაშში რაც იყო მიზანი, იმას მივაღწიეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ. ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ, რადგან რამდენიმე დღეში თამაში გვაქვს დანიასთან და გვსურს სასურველ შედეგს მივაღწიოთ".




გიორგი პაპუნაშვილი: „ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან 3 გოლი გავიტანეთ, ამასთან ერთად უამრავი მომენტი შევქმენით და ბედნიერები ვართ. ხვალიდან კი, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით.

დანიასთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. დღეს გახარებულები ვართ, ხვალიდან კი დანიაზე დავიწყებთ  ფიქრს, ასე რომ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე".




გიორგი ლორია: „გუნდი ძირითადში ვინც იყო და შეცვლებზე ვინც შემოვიდა, ყველამ კარგად ითამაშა. ამ თამაშში ჩემი საქმე რაც იყო, ის გავაკეთე".  

საქმეში „შესვლა" გიბრალტართან მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, ერთხელ მოუხდა. თუმცა, სტუმართა იმ ერთი რეალური მცდელობის დროსაც, საქართველოს ნაკრების კარის მცველმა, ულამაზესი „სეივი" შემოგვთავაზა და გუნდი, აშკარა გოლისგან იხსნა.




მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თამაშში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და დანიასთან მატჩამდე სატურნირო ცხრილში ადგილი გაიუმჯობესა, თანაც დადებითად დაიმუხტა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, 7 ივნისის შეხვედრა, არ იყო ის, რასაც ვლადიმირ ვაისის გუნდისგან ქართველი გულშემატკივარი ელის. მიუხედავად, სანაკრებო დანაკლისისა, მხედველობაში ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ნაკრები 10 ივნისის მატჩისთვის ყველა ხარვეზს გამოასწორებს და კოპენჰაგენში, საკმაოდ უხერხულ და რა დასამალია, ჩვენს ნაკრებზე ბევრად ძლიერ გუნდთან საპირწონედ თამაშს უსურვებს.




პს - მადლობას ვუხდით, ჩვენს კოლეგას სოფო ერქვანიას, მასალის დამზადებისას აღმოჩენლი დახმარებისთვის