სუს-მა ბათუმში „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი დააკავა
სუს-მა ბათუმში „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი დააკავა
20.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმში, „ანგისას ბაზაზე", ეროვნული ლიგის გათამაშების მე-14 ტურის დასრულების შემდეგ, სტუმარი გუნდის, „ვიტ ჯორჯიას" გასახდელში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები შევიდნენ და საფეხბურთო კლუბის „ვიტ ჯორჯიას"  5 ფეხბურთელი დააკავეს. TSFF.GE-სთვის ცნობილია დაკავებული ფეხბურთელების ვინაობაც, თუმცა, შესაბამისი სამსახურის ოფიციალურ განცხადებამდე, მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

TSFF.GE-სთან საუბარში მომხდარს, როგორც საფეხბურთო კლუბის „ვიტ ჯორჯიას", ასევე „დინამო ბათუმის" ფეხბურთელები ადასტურებენ. ფეხბურთელების დაკავებას ადასტურებენ უწყებაშიც. თუმცა, სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ და დიდი ალბათობით, მათ შესახებ ინფორმაცია ხვალ გავრცელდება. „ანგისას ბაზაზე" დაკავებული ფეხბურთელების გარდა, საფეხბურთო კლუბის „ვიტ ჯორჯიას"  დანარჩენი წევრები თბილისისკენ გამოემგზავრნენ.  

ამ ეტაპისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ფეხბურთელებს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, „ვიტ ჯორჯიასა" და „რუსთავს" შორის გარიგებულ მატჩში ადანაშაულებენ. საფეხბურთო წრეებში ცნობილია, რომ „რუსთავმა" რომელიც, მიმდინარე გათამაშებაში აუტსაიდერია, პირველი 3 ქულა, სწორედ ამ მატჩში აიღო.  

ბათუმში, მე-14 ტურის შეხვედრა, ადგილობრივ „დინამოსა" და „ ვიტ ჯორჯიას" შორის მშვიდ, გარემოში ჩატარდა. ბათუმურმა კლუბმა მატჩი 2-0 მოიგო. ამ შეხვედრის შემდეგ „დინამო ბათუმი" 28 ქულით სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში, „ვიტ ჯორჯია" კი, მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს „რუსთავს", რომელიც 10 ქულით ბოლო ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის გათამაშებაზე, გარიგებული თამაშის ბრალდებით საფეხბურთო კლუბის ფოთის „კოლხეთი 1913"-ს იგივე რაოდენობის ფეხბურთელი დააკავეს. მოგვიანებით ფეხბურთელთა ნაწილს ბრალდება მოეხსნა, ნაწილს კი პირობითი სანქცია გამოუტანეს. თავად კლუბს 6 ქულა ჩამოაკლდა, რაც საბოლოოდ, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ „კოლხეთი 1913" ქვედა ლიგაში გადაბარგებულიყო.

გამომდინარე იქიდან, რომ „კოლხეთი 1913"-თან დაკავშირებული მოვლენების დროს, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ სფფ-ს პოზიცია იყო და არის შეურიგებელი და  უცვლელი, დიდი ალბათობით, ამჯერადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

TSFF.GE  შეეცდება მოვლენების განვითარება დეტალურად მოგაწოდოთ.