„დელტას" კიდევ ცოტა ხანი მოუწევს ლოდინი
„დელტას" კიდევ ცოტა ხანი მოუწევს ლოდინი
18.05.2019
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალში "დელტა" 3 მატჩიანი რაუნდის შემდეგ გავიდა და ახლა, მეორე ნახევარფინალური სერიის გამარჯვებულს ელოდება, სადაც, "ქუთაისსა" და თბილისის "დინამოს" შორის უკვე 4 მატჩი გაიმართა და ანგარიში საყაიმოა, 2-2. ამ წყვილის გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. გთავაზობთ, 17 და 18 მაისს, გამართული ½ ფინალური მატჩების შესახებ სკფ-ს მიმოხილვას.


„დელტა" - „მგზავრები" 3-0

სუპერლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა "დელტამ" მესამე ნახევარფინალური მატჩიც მოუგო "მგზავრებს" და სერიაში მშრალად გაიმარჯვა. "დელტა" გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი ოფში წაგება არ განუცდია. გუნდმა, რომელიც 2 წლის წინ გადმოვიდა სუპერლიგაში, მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასი მოიგო, ხოლო სუპერლიგის პლეი ოფში 6-დან 6 მოგება აქვს და ფინალის საგზურიც გაინაღდა.

ლაფანაშვილის გუნდმა ისევე სწრაფად, შედეგიანად და რაც მთავარია, გუნდურად ჩაატარა დღევანდელი მატჩი, როგორც აქამდელი საპლეიოფო შეხვედრები. "დელტას" ყველა მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავიდა, ბოლომდე დაიხარჯა და იმ მონახაზის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რომელიც გუნდს აშკარად დამუშავებული ჰქონდა. დელტელები როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი შეხვდნენ საპლეიოფო სერიებს და შედეგიც სახეზეა: "ოლიმპს" მეოთხედფინალში 3:0 სძლიეს და იგივე ანგარიშით დღეს "მგზავრები" ჩამოიშორეს ფინალის გზიდან.

დღევანდელი მატჩი "დელტას" უპირატესობით როგორც დაიწყო, ისევე დასრულდა. პირველი პერიოდი ლაფანაშვილის გუნდმა 27:20 მოიგო, მეორეში 10-ქულიან ზღვარს ასცდა და თამაშის ბოლომდე, რამდენჯერმე, ისიც მესამე პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა "მგზავრებმა" ჩამორჩენა 8-9 ქულამდე შეამცირეს. მატჩის ბოლო 5 წუთს აზრი დაეკარგა, რადგან "დელტას" უპირატესობა 20 ქულას გადასცდა.

გამარჯვებულთაგან 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი - 17 ქულა (და 8 მოხსნა) ბექა ბექაურმა მოაგროვა. 16 ქულა დააგროვა არტიომ შვეცმა, 15 - საბა ლონჯანიძემ, ხოლო 14-14 ოთარ ფხაკაძისა და გეგი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა. "მგზავრებში" 21 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 20 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 13 - პრინს უილიამსმა მოაგროვა.



„დინამო თბილისი" - „ქუთაისი" 2-2

სუპერლიგის ნახევარფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები - "ქუთაისი" და "დინამო" ერკინებიან,  გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სერიის მე-4 შეხვედრაში, ოლიმპიურ სასახლეში 71:63 სძლიეს "ქუთაისს" და საერთო ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. სერიის მე-5 მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ფინალში გავა, ქუთაისში, 20 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

დღევანდელი მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა სანამ ხოშტარიას გუნდი ხელჩასაჭიდ უპირატესობას მოიპოვებდა, თანაბარი, დაცვითი თამაში მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი დაბალი ანგარიშით - 11:9 დასრულდა. ქუთაისელმა აკაკი ლომოურმა ბოლო წამზე ჩააგდო სამქულიანი და ქუთაისს საწყისი პერიოდი მოაგებინა. მეორე ნახევრიდან დინამოელებმა შეტევაში მეტი გასაქანი ჰპოვეს, რაც სწრაფი თამაშისა და ზუსტი შორი სროლების დამსახურება გახლდათ. მეორე ათწუთეული თბილისელებმა 20:8 მოიგეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ.

დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც ძირითადად მათი ცენტრის, დემაგოი ბუბალოსა და ამერიკელი მსროლელის - ჯორდან სვოპშირის შედეგიანობის დამსახურება იყო. კარგად ირჯებოდა მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც ბურთს სწრაფად ათამაშებდა, მიხეილ ჭოჭუა კი ძალიან აქტიური იყო და საკმაოდ შედეგიანი თამაშის შემდეგ, მეოთხე პერიოდში პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი დატოვა.

ბოლო პერიოდში დინამოელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, თუმც აკაკი ლომოურის, გიორგი ბარბაქაძისა და ჯონათან ლის შორი სროლებით, ასევე აკაკი დვალიშვილის ფარქვეშა აქტიურობით შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. დინამოელებმა წუთშესვენება აიღეს და დასკვნითი წუთებში ისე გონივრულად ითამაშეს, ქუთაისელებისთვის შანსი არ მიუციათ.

გამარჯვებულთაგან 23 ქულით ჯორდან სვოპშირი გამოირჩა. 20 ქულა და 10 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა, ხოლო ახალგაზრდა ვლადიმერ თავაქარაშვილმა 11 ქულა მიითვალა. ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი ჯონათან ლი გახდა, ყველაზე შედეგიანი კი 12 ქულისა და 13 მოხსნის მომგროვებელი აკაკი დვალიშვილი აღმოჩნდა.

ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, 18:30 საათზე, ქუთაისში გაიმართბა. ამ მატჩის გამარჯვებული ფინალში "დელტას" შეხვდება.