ფინალამდე „დელტას“ ერთი ნაბიჯი აკლია, „დინამომ“ გაათანაბრა
ფინალამდე „დელტას“ ერთი ნაბიჯი აკლია, „დინამომ“ გაათანაბრა
14.05.2019
ავტორი:

კვირის ბოლოს თბილისში საქართველოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდებიან. გთავაზობთ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის მიხედვით მომზადებულ ½ სერიის მეორე დღის მიმოხილვას.

***

ნახევარფინალური სერია გაათანაბრა "დინამო თბილისმა". ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 84-76 დაამარცხა და გუშინდელი წაგებისთვის რევანში აიღო. სერიაში ანგარიში გახდა 1-1 და მომდევნო 2 მატჩი თბილისში - 17 და 18 მაისს გაიმართება. ამით დინამოელებმა მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მომდევნო 2 მატჩს თბილისში ითამაშებენ და წარმატების შემთხვევაში ფინალში გავლენ.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო - 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. 20 ქულა რეჯერ დოუელის, 17 - ჯორდან სვოპშირის ანგარიშზზეა. "ქუთაისში" 23 ქულითა და 12 პასით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

სერია 3 მოგებამდეა, შემდეგი 2 მატჩი კი 17 და 18 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

***

"დელტა" ჯერჯერობით პლეი ოფის საუკეთესო გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა "მგზავრებს" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგეს და პლეი ოფში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებენ.

მეოთხედფინალში "დელტამ" 3-0 სძლია "ოლიმპს", რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულ "მგზავრებს" კი უკვე 2-0 ამარცხებს.

თუკი გუნშინდელ, სერიის პირველ მატჩში "დელტას" თავიდან" გაუჭირდა და მთელი პირველი ნახევარი აგებდა, დღეს უპირატესობას თავიდანვე დაეპატრონა. ლაფანაშვილის გაწვრთნილი კალათბურთელები გუნდურად და რაც მთავარია, დაცვაში აგრესიულად, ხოლო შეტევაში შედეგიანად თამაშობდნენ. პირველი პერიოდის შემდეგ "მგზავრები" 14-21 ჩამორჩა, დიდი შესვენებისთვის კი დელტელთა ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდა.

"დელტა" ლიდერის ამპლუაში იოლად მივიდა ბოლო წამებამდე და საბოლოოდ წინა მატჩის მსგავსად კვლავ 8 ქულით, 75-67 იმარჯვა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. 14 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. "მგზავრებში" უმეტესი - 15 ქულა ადრიან ბოუიმ მოაგროვა, 11 ქულა კი ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 9 წუთით მყოფმა ჯეიკობ არმსტრონგმა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.


კალათბურთის ფედერაციის ფოტო