საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ თამაშებს გორში გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ თამაშებს გორში გამართავს
21.03.2019
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხვალ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის 2021 წლის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე პირველი მოსამზადებელი ციკლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა გორში 18:30 წუთზე დაიწყება.

მანამდე კი დღეს, გია ცეცაძის შეგირდებმა სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას" მოედანზე ბოლო ვარჯიში გამართეს. ვარჯიშამდე კი, მედიისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია გამართა.




„გუნდი, გეგმის მიხედვით მოემზადა. ბიჭები, ვინც ჩამოვიდნენ, კარგ კონდიციაში არიან. ორი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, როდესაც შეკრების წინ მიღებული ტრავმების გამო, გამოგვაკლდა კოხრეიძე და ხეცურიანი. შესაბამისად, მათ სპანდერაშვილი და სამურკასოვი ჩაენაცვლნენ. საქართველოს ყველა ნაკრები, ყველა თამაშზე, მხოლოდ მოსაგებად გადის. ამ მატჩების დროს, ჩვენ აქცენტს, ჩვენი ფეხბურთელების იმ მონახაზის დასახვეწად გამოვიყენებთ, რაც წინა წლიდან დავიწყეთ და ბოლო  ამხანაგური თამაშებიც, უკრაინასთან და კვიპროსთან, ამას ემსახურებოდა. კონკრეტული 2 ამხანაგური შეხვედრისთვის შერჩეული მეტოქეები იოლი, ნამდვილად არ არიან, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებებია და ვფიქრობთ, კარგი თამაშები უნდა გამოვიდეს", - ამბობს გია ცეცაძე.




საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ, გემახსოვრებათ, ნაკრები ისეთ დროს ჩაიბარა, ევროპის წინა შესარჩევი გვაქვს მხედველობაში, როდესაც თითქმის შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა. თუმცა, თეორიული შანსი მაინც რჩებოდა, თითქმის ბოლო ტურამდე.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ თავი. ჩვენი მოსაგები თამაშები, რომ მოგვეგო, უფრო მეტი, ვიდრე მოვიგეთ, საქმე, სხვაგვარად იქნებოდა. რაც შეეხება დასკვნებს, ჩემი სამწვრთნელო შტაბი და მე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპს და რაც უკვე დაწყებული გვაქვს,  ახლა, იმ ციკლის განახლება ხდება და მისი უფრო დახვეწა. ბოლო თამაშში, რადგან ძველს შევეხეთ, ვიტყვი, რომ პოლონეთთან წაგებული მატჩი, უფრო ზუსტად პირველი ტაიმი, სანამ კაცნაკლულები ვიქნებოდით და გოლი გაგვიტანეს, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რაც ამ ნაკრებმა ჩემს ხელში ითამაშა. რა გეგმითაც მივედით ამ მატჩამდე, მე ვგულისხმობ, თამაშის ხარისხს დაცვაშიც, შეტევაშიც, იგივე პრინციპით ვაგრძელებთ. ეს ყველაფერი, არითმეტიკულად, რომ დავთვალოდ, უნდა მოვახერხოთ, ჩვენი გუნდი ისეთ კონდიციაში მოექცეს სექტემბრისთვის, მაქსიმუმ ოქტომბრისთვის, რომ შვეიცარიასთან გასამართი თამაშისთვის მზად იყოს. ეს არის ჩვენი გეგმა და ანალიზი პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენი ჯგუფის კალენდარი, საკმაოდ ნორმალურად არის შედგენილი. პროგრამა მინიმუმი არის ვითამაშოთ, პლეი-ოფში", - ამბობს გია ცეცაძე.




თუმცა, საქართველო ახალგაზრდულის თავკაცს და მის სამწვრთნელო შტაბს, აქვს პროგრამა მაქსიმუმიც, რაც ფინალურ ეტაპზე თამაშს გულისხმობს. მოგეხსენებათ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე გათამაშებიდან ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი იასპარეზებს. თავდაპირველად, 2012-2017 წლების პერიოდში 12, ხოლო მანამდე გათამაშების დასკვნით ეტაპზე 8 გუნდი მონაწილეობდა. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ამით ჩვენი გუნდის შანსებიც გაიზარდა და ბიჭებსაც სტიმული მიეცათ.    

„რა თქმა უნდა, შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ახალგაზრდულის, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ასაკობრივი ნაკრებების სპეციფიკა ისაა, რომ ეროვნულს მიაწოდოს ფეხბურთელი. ვატო არველაძე, რომ ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ჩვენთვის ეს სასიხარულოა. ჩვენს ნაკრებებში, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და როდესაც საჭირო, იქნება, კონკრეტული ფეხბურთელი,  იქ იქნება, სადაც საჭიროება მოითხოვს. ეროვნული ნაკრები, არის უმაღლესი წერტილი. საქართველოში არის ბევრი ერთნაირი დონის ფეხბურთელი და ამ მხრივ, ვერ ვგძნობთ ამხანაგური თამაშებისთვის დანაკლისს. თუმცა, როდესაც კონკრეტული შედეგი იქნება მნიშვნელოვანი, იქ, გადაწყვეტიებებს გავაანალიზებთ.  თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა", - ამბობს გია ცეცაძე.




 აღნიშნული შეხვედრის გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 26 მარტს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ.

გია ცეცაძეს 22 და 26 მარტის მატჩებისათვის შემდეგი შემადგენლობა ჰყავს გამოძახებული: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი); მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბილისიილისი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო); ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი); თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2019 -ის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრები 2018 წლის ოქტომბერში გამართა - 12 ოქტომბერს, ფინეთში გასვლა 1-2 მოიგო, 16 ოქტომბერს კი, პოლონეთში 3-0 დამარცხდა.  საერთო ჯამში, 12 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.




„ამჟამად, ახალი გუნდი ვართ, ევროპის წინამოსამზადებელი თამაშებისთვის ყველა კონცეტრირებულები  და მობილიზებულები ვართ. ჩვენ, ეს თამაშები გვჭირდება, რომ დავაყენოთ ჩვენი თამაში და რაც დავალება გვაქვს, შევასრულოთ. ევროპის ჩემპიონატი, ჩვენთვის ყველაფერია და ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი დავდოთ. ამ ამხანაგურ თამაშებასც ისე მოვეკიდებით, როგორც ოფიციალურ თამაშებს", - ამბობს გიორგი არაბიძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი.

ახალი შესარჩევი ციკლის დროს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-2 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ლიხტენშტეინს, სლოვაკეთისა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებები იქნებიან. პირველ ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2019 წლის შემოდგომაზე, 5 სექტემბერს თბილისში, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ჩაატარებენ.