ეროვნული ემზადება
ეროვნული ემზადება
21.03.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. 23 მარტს თბილისში „დინამო არენაზე" საქართველო-შვეიცარიის თამაშს 400-მდე შვეიცარელი ქომაგი და მედიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დაესწრება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე 21 მარტს ივარჯიშებს. მანამდე კი, ჩვენი ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო  არველაძემ, რომელიც  საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.




„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.  რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება  მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება. ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს, ნიკა კვეკვესკირი.




შვეიცარიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია - მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი; თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)




ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური 23 მარტი გაიმართება.

საქართველო-შვეიცარია 18:00

გიბრალტარი-ირლანდია 21:00

საქართველო - შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთები როგორც ონლაინ, ასევე „დინამო არენას" სალაროებში იყიდება და მათი ფასი  5, 10, 15 და 25 ლარია. აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი საჭიროა ყველა ასაკის გულშემატკივრისთვის. სტადიონზე შესასვლელი კარებები შევხედრამდე 2 საათით ადრე გაიხსნება. სტადიონის პერიმეტრზე კი, ბილეთზე მითითებული კარიდან იქნება შესვლა შესაძლებელი.


სფფ-ს ფოტოები