პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე - სამი მედალი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე - სამი მედალი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
09.02.2019
ავტორი: ეკა ელოშვილი

მსოფლიო ძიუდოს ელიტა ახალი სეზონის პირველ პრესტიჟულ ტურნირზე საფრანგეთში, პარიზის გრანდ-სლემზე შეიკრიბა.

ტურნირის პირველი დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის. სამ წონით კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა მედლის, ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს. სამწუხაროდ, ქალთა შორის წარმომადგენლები პარიზში არ გვყოლია.

 

66 კგ წონით კატეგორიაში მშვენივრად იასპარეზა ვაჟა მარგველაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, თუმცა, ოქროს მედლისთვის ბრძოლა რუმინელ დენის ვიერუსთან დათმო. ფინალამდე კი, ვაჟამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ფრანგი კევინ აზემა, იტალიელი მატეო მედვესი, გერმანელი სებასტიან სეიდლი და ისრაელის წარმომადგენელი - ბარუჩ შიმაილოვი.

ვერცხლის მედალთან და 700 სარეიტინგო ქულასთან ერთად, სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ამ ტურნირის შემდეგ, ვაჟა მარგველაშვილი თავის წონაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა და იაპონელ მსოფლიო ჩემპიონს - ჰიფუმი აბეს გადაუსწრო.

ამ წონაში გამოდიოდა ახალგაზრდა სპორტსმენი, დებიუტანტი ნიკო ჭიკაიძე, რომელიც, სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში მონღოლ მუნხბაიარ ნერგუისთან დამარცხდა.  




60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ტურნირის დებიუტანტის - თემურ ნოზაძის გამოსვლა ძალიან დადებითად უნდა შევაფასოთ. მან პირველ წრეში დაისვენა. მეორეში - საკმაოდ ძლიერ ძიუდოისტს, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს მოუგო. მომდევნო ეტაპზე მასპინძელი ფრანგი - ვინცენტ ლიმარე დაამარცხა. მეოთხედფინალში კი, 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ეკვადორელ ლენინ პრესიადოს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ ნაოისა ტაკატოს გადაეყარა. სამწუხაროდ, ნოზაძეს გამოცდილ და ტიტულოვან მეტოქესთან შანსი არ ჰქონია და მან ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თემურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი - დანიელ ბენ დევიდი იყო. ნოზაძემ ბრძოლა დამაჯერებლად წარმართა; მეტოქეს ჯერ ვაზარი აართვა; ბოლო წამებზე კი, სულაც შებოჭა და კარიერაში პირველი პარიზული მედალი მოიგო.

წონის გამარჯვებული კი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი ნაოისა ტაკატო გახდა, რომელმაც პარიზის გრანდ-სლემი უკვე მეოთხედ მოიგო.

ამავე წონაში, ამირან პაპინაშვილის უმცროსი ძმა - ჯაბა პაპინაშვილი გამოდიოდა, რომელმაც ასპარეზობა კარგად დაიწყო და პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების წევრი - ლუკა მხეიძე დაამარცხა. თუმცა, მომდევნო ეტაპზე, ყაზახი იელდოს სმეტოვის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ტურნირს გამოეთიშა. სხვათა შორის, სმეტოვი ფინალში გავიდა. თუმცა, ტაკატოს ვერც ის მოერია.




73 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო. მან ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყო, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჯერ ვიქტორ სცვორტოვი, შემდეგ კი, ბერძენი გეორგიოს აზოიდისი დაამარცხა. მეოთხედფინალში, შავდათუაშვილი მონღოლ ცოგბაატარ ცენდ-ოჩირთან ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა და ბრინჯაოს შეხვედრამდე გზიდან სომეხი სპორტსმენი - ფერდინანდ კარაპეტიანი ჩამოიცილა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლაშას მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იყო. თუმცა, ჰეიდაროვი ტატამზე არ გამოცხადდა და ლაშას უბრძოლველად გადაეცა ბრინჯაოს მედალი.


ხვალ, პარიზულ ტატამზე გამოვლენ მამაკაცთა შორის 81, 90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები. ქალთა შორის კი, 70, -78 და +78 კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენები.


ავტორი ეკა ელოშვილი (ფოტოები ეკა ელოშვილის არქივიდან)