გურამ კაშია - საპრეზიდენტო ორდენოსანთა შორის
გურამ კაშია - საპრეზიდენტო ორდენოსანთა შორის
10.12.2018
ავტორი:

დღეს, ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა „ჰუმანური იდეების გავრცელებისა და სამშობლოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით გურამ კაშია დააჯილდოვა. მიღება, საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართეს.

გვინდოდა იმ ადამიანების ღვაწლის გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სახელით. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულლნი საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებაში. აქტიურობდნენ განსახვავებული აზრის ადამიანის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მადლობა მათ ქვეყნის სახელით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, გურამ კაშიას გარდა კიდევ 8 საზოგადო მოღვაწე დააჯილდოვა. ნომინანტთა შორის არიან: ისაია - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი (ზურაბ ჭანტურია),  თემურ ჩხეიძე - რეჟისორი,  ზურა კიკნაძე - მეცნიერი,  გელა კანდელაკი - რეჟისორი,  მანანა მენაბდე - მუსიკოსი,  ლევან ჭოღოშვილი - მხატვარი,  ქეთი ხუციშვილი - ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს" ხელმძღვანელი  და სვენდ ვოგე - მუსიკათმცოდნე.

პრეზიდენტის სასახლეში მიღებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სასამართლო ხელისუფლების, ომბუდსმენის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის, ეროვნული პრემიის, შეწყალების კომისიის, საპატრიარქოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, სავაჭრო პალატის, აუდიტის სამსახურის, ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტთან.