რთულად დაიწყო და რთულად დასრულდა
რთულად დაიწყო და რთულად დასრულდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლის მცირე, მაგრამ შანსი, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სერბეთმა ისრაელში წააგო, საქართველომ კი, ჯერ ესტონეთში, შემდეგ დღეს, თბილისშიც გაიმარჯვა. ამჯერად ისრაელის ნაკრებთან 71-69 და ებრაული გუნდი, დიდ საგონებელში ჩააგდო. ახლა, წმინდა მიწიდან ჩამოსულები, სხვა გუნდების შედეგებზე დამოკიდებულნი გახდნენ. საქართველოს ეროვნულს, კი საბერძნეთში, ბოლო წამზე წაგებული მატჩი, რომ არა, დღეს სხვა სტატუში „იფრენდნენ".



„როდესაც ბოლო შეტევისას ბურთი ჩავაგდე, ძალიან გახარებული ვიყავი. ის მომენტი იყო, რომ შემეძლო გაფრენა. მოვიგეთ უმნიშვნელოვანესი თამაში, რითაც ამდენი ხალხია ბედნიერი. დღეს, ისრაელის ნაკრები ისეთ დაცვას გვეთამაშა, განსაკუთრებით მაღლებს, რომ ბურთი არ დაგვაშვებინეს ძირს. ბოლო წუთშესვენებაზე მწვრთნელმა დაგვიხაზა კომბინაცია - უნდა დამეყენებინდა ბლოკი და იქიდან შევსულიყავი შიგნით და ამ სისტემამ გაამართლა", - ამბობს გიორგი შერმადინი, ისრაელთან მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე.



შერმადინი ამ დღეს, თამაშის MVP (ყველაზე ღირებული მოთამაშე) არ გამხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე ორმაგი დუბილი - 10 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. ეს აღიარება დღეს, ახალგაზრდა გოგა ბითაძეს ერგო. გოგას ანგარიშზე - 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ისეთი ბლოკი იყო, მთელი დარბაზი, რომ ფეხზე წამოახტუნა. საერთო ჯამში, 19 წლის ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25% შეადგინა.

„ისრაელმა ძალიან კარგად ითამაშა. ასეთი თამაში კარგა ხანია არ მინახავს. კარგია, რომ გამარჯვება შევძელით. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები მიზერულია, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გამოვდივართ. ასე, რომ თუ ეს შანსი მოგვეცემა, ძალიან კარგი იქნება", - ამბობს გოგა ბითაძე, მატჩის შემდეგ.



საქართველო-ისრაელის დაპირისპირებამდეც კარგად ჩანდა, რომ ურთულესი თამაში იქნებოდა. განსაკუთრებით საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც თორნიკე შენგელია აკლდა. ისრაელს კი თბილისში, ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელებიც ჩამოყვანილი ჰყავდა. ჩინეთში მოსახვედრად, ისრაელის ნაკრებს თბილისში აუცილებლად სჭირდებოდა მოგება, რადგან ილიას ზუროსის გუნდმა, მე-2 შესარჩევ ეტაპზე, თელ-ავივში, პირველი მატჩში, სწორედ მათი დამარცხება შესძლო, 85-80.

„ჩვენ უკეთესად ვიყავით დაცვაში, როდესაც მოედანზე 2 მაღალი გვყავდა. ისრაელის ნაკრები ფართან თამაშის დროს ბევრ „პიკეროლს" იყენებს. ჩვენ, დაბალი მოთამაშეებით ვცდილობდით, რომ ცარიელი სივრცეები შეგევზღუდა და მაღლებით შიგნით გვებრძოლა -ბლოკები გაეკეთებინათ და ჩვენ გვქონდა მოხსნები. ამიტომ, ესტონეთის მსგავსად, დღესაც ვარჩიე 2 მაღალი ერთად მყოლოდა მოედანზე, ვიდრე, მაგალითად ბექა ბურჯანაძე. გოგა ბითაძე, იყო ძალიან კარაგი. ის, აკონტროლებდა მთლიანად ბურთს. საერთოდ, მაღლებით კმაყოფილი ვარ", - ამბობს ილიას ზუროსი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც თვლის, რომ ზოგჯერ, „ლამაზ კალათბურთს", მოგებული თამაში უფრო ჯობია.



მატჩის შემდეგ, ქართველთა მთავარი მწვრთნელი, ჩვენი ნაკრების რამდენიმე ხარვეზზე თავად გაამახვილებს ყურადღებას. ზუროსი თვლის, რომ გუნდში არიან კალათბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო (ძირითადად არასაკმარისი სათამაშო დრო საკუთარ გუნდებში), „თამაშის რიტმს ვერ გრძნობდნენ".

„ბექა ბურჯანაძე, დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს და მან მთელი გუნლი ჩადო ამ თამაშებში. „ბურჯიმ", განსაკუთრებით მეორე ტაიმი ჩაატარა კარგად. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით. ასევე, მინდა გამოვყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც ჩვენ დღეს მივეცით თამაშის საშუალება. ჩვენ გვჭირდება, რომ დავიწყოთ, ახალი თაობის წარმოდგენა. მან ყველაფრი კარგად გააკეთა. რატიმ კარგად ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, მას გამოცდილება აკლია. მე კი არ მქონდა იმის დრო,  რომ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მომენტებში „გამომეცადა". არ მინდოდა, რომ მას ამ დროს, შეცდომა დაეშვა. მირჩევნია, ასეთ დროს ვათამაშო, ის კალათბურთელები, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ და ამ მხრივ თავს გამოიჩენენ. რატი არ იყო მზად გადამწყვეტ მომენტში სათამაშოდ, მზად, რომ ბურთი ქვევით ჩამოეტანა. მას კიდევ ბევრი თამაში ექნება თავის კარიერაში და თავსაც უკეთესად წარმოაჩენს. რატის გარდა არიან კიდევ ახალგაზრდა მოთამაშეები. ჩვენ მათაც დავუძახებთ. მომავალი ფანჯრის დროს უფრო მეტი ახალგაზრდა კალათბურთელი გვეყოლება გამოძახებული", - ამბობს ზუროსი.  



საქართველოს ნაკრებმა კი, დღევანდელი თამაში სპორტის სასახლეში მძიმედ დაიწყო. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 9-11 მოიგეს და ილიას ზუროსი დიდ საფიქრალში ჩააგდეს. იმ მცირე დროში, რომელიც ქართველთა გუნდს მომზადებისთვის ჰქონდა და როგორც, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართველთა ბერძენი მწვრთნელი იტყვის, 2 დღეში რაც ნმოასწრეს, ივარჯიშეს დაცვით თამშზე, შეტევაზე: „ორ დღეში მოახერხო ისე მომზადება, რომ გუნდი, ფუნქციონალურად იყოს გუნდი ძალიან რთულია. რთულია ახალ სათამაშო სისტემაზე გადააწყო, ითამაშო კარგი დაცვა და მოერგო იმ ტაქტიკურ მონახაზებს, რომელიც თითოეული თამაშისთვის გვქონდა მომზადებული და თან მოიგო თამაში. ამრიგად, მათ ეს ყველაფერი შესძლეს, 200%-ით. ჩვენ მოვიგეთ რთული თამაში, ძალიან კარგ გუნდთან. გუნდთან, რომელსაც ჰყავდა ევროლიგის მოთამაშეები. გუნდთან, რომელმაც ბოლო წამებზე წააგო, მოგებული თამაში გერმანიასთან. გუნდი, რომელიც ყველა თამაშში ხასიათს ავლენდა", - ამბობს ზუროსი.



მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. როდესაც ილიას ზუროსი ამბობს, რომ გამოცდილ მოთამაშეებს ენდობა ამის დასტურად, შეხვედრის ამ მონაკვეთში ლევან ფაცაციას და გიორგი ცინცაძის მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვნოთ, რომლებსაც მხარი თად მაკფადენმა და გოგა ბითაძემაც აუბეს. შედეგაც ზედიზედ, ქართველების მიერ ნასროლ 4 3-ქულიანს, ის გაგრძელება მოჰყვა, რომ ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულით დაწინაურება შესძლო და ეს პერიოდი 25-19 მოიგო. დიდ შესვენებაზე ჩვენები 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის შემდეგ, ზუროსიც და ებრაელთა მთავარი მწვრთნელიც აღნიშნავენ, რომ გარდამტეხი მეორე ტაიმი იყო. უფრო ზუსტად, მესამე მეოთხედის დასკვნითი ნაწილი, რომელიც სტუმრების სასარგებლოდ 16-19 დასრულდა. თუმცა, ტაბლოზე 1 ქულით კვლავ ჩვენი ნაკრები იყო წინ, 50-49.



"ძალიან რთული თამაში იყო. სამწუხაროდ, ამ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მეორეჯერ დავმარცხდით. მსაჯმა სამ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გასაგებია, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრაში რთულია მსაჯობა, მაგრამ ამით ეს შეცდომები ვერ გამართლდება. ფიბამ რამე უნდა იღონოს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუმცა, ჩვენი მარცხის მიზეზი მხოლოდ მსაჯობა არ იყო. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და ზოგადად, შეტევაში გვიჭირდა.  ჯერ არ ვიცი დავკარგეთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოტივაციის პრობლემა არ გვექნება. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, ჩვენ წარმოვადგენთ ისრაელს და ამით ყველაფერია ნათქვამი. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად მოვინდომებთ", - ამბობს, დავიდ-ოდედ კატაში, ისრაელის ნაკრების მწვრთნელი.



ბუნებრივია, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ მომდევნო სანაკრებო ფანჯრისთვის ილიას ზუროსს, ალბათ მოუწევს ყურადღების გამახვილება გაფუჭებული საჯარიმოების პროცენტულობაზეც. ამ ჭრილში, ჩვენებმა დღეს საკმაოდ დაკარგეს ქულები, მათ შორის მეოთხე მეოთხედის ბოლოს, რაც შესაძლოა გადამწყვეტიც კი ყოფილიყო. თუმცა, საბედნიეროდ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 64-64 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმი გახდა საჭირო. აღანიშნავია, რომ დუდა სანაძე, რომელსაც თამაში, სიმართლე ვთქვათ და დღეს არ წაუვიდა, ოვერტაიმში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ბოლო, გადამწყვეტი ბურთი, კი წუთშესვენებაზე დახაზული კომბინაციის შემდეგ, თად მაკფადენმა და „შერმომ" გაითამაშეს კარგად და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს 71-69.



მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 მატჩს საქარველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის 21 თებერვალს საბერძნეთში, 24 თებერვალს კი თბილისში - ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს, დარჩენილი 2 შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო ჯგუფში, სატურნირო ცხრილში ჩვენს წინ მყოფმა სერბეთმა, რომელმაც დღეს საბერძნეთს „დაურბინა" 84-61, დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა წააგოს.