ბოლო ამხანაგურები მსოფლიოს შესარჩევამდე
ბოლო ამხანაგურები მსოფლიოს შესარჩევამდე

მომდევნო კვირაში, 12 დეკემბერს, ფუტსალის მსოფლიო 2020 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, რომელზეც საქართველის ფუტსალის ეროვნული ნაკრების შესარჩევი რაუნდის მეტოქეები გაირკვევა. თამაშები 2019 წლის იანვარ-თებერვალშია ჩანიშნული. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან მოყოლებული ეროვნული ნაკრები აღნიშნული თამაშებისთვის მონდომებით ემზადება.

მოსამზადებელი ციკლის მორიგ ამხანაგურ შეხვედრებს ჩვენი ნაკრები 4 და 5 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უნგრეთის ეროვნული ნაკრები იქნება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამ ამხანაგური თამაშებისთვის ავთანდილ ასათიანს გამოძახებული ჰყავს: მეკარეები: ზვიად კუპატაძე („გაზპრომ იუგრა", რუსეთი), თორნიკე ბუკია („ტატიშვილი"), ალექსანდრე ჯამბურია („თელასი"); მცველები:  შოთა თოფურია („თელასი"), გიორგი ქურდაძე („ტატიშვილი"), შოთა ჭანუყვაძე („თელასი"), მურთაზ კაკაბაძე („ვალეტა", მალტა), თალესი („ეკონომაცი", სერბეთი); თავდამსხმელები: ნიკოლოზ კურტანიძე („პსპ"), სიმი საიოტი („კპრს", რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი („ტატიშვილი"), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში", ბელარუსი), ირაკლი თოდუა („ლიდსელმაში", ბელარუსი), რონინიო („პროდექსიმი", უკრაინა), ფუმასა („პროდექსიმი", უკრაინა), გია ნიყვაშვილი („ვალეტა", მალტა).

2018 წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებამდე, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა ოლიმპიურ სასახლეში. ამ ეტაპზე, ავთანდილ ასათიანის გუნდში გამოძახებული 16-ვე მოთამაშე ჯანმრთელადაა და მზადაა ხვალიდნელი შეხვედრისთვის.

4-5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩი, თბილისის დროით 19:30 დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.



სფფ-ს ფოტო / ავტორი: ლაშა დვალიშვილი