8 ნოემბერს, პირველი სპარინგი ახალი შესარჩევის წინ
8 ნოემბერს, პირველი სპარინგი ახალი შესარჩევის წინ
07.11.2018
ავტორი:

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ხვალ 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ, პირველ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის ნაკრების მეტოქე ევროპის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ციკლის პირველ  ამხანაგურ მატჩში, თურქეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელიც თბილისში დღეს დილის 11 საათზე ჩამოფრინდა და ვარჯიშიც მოასწრო. ჩვენს სტუმრებს, აეროპორტში საქარველოში აკრედიტებული თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ. 10 ნოემბერს კი თურქეთის ქალთა ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით საელჩოშია დაპატიჟებული.

„თურქეთის ნაკრები საქართველოში ძლიერი შემადგენლობით არის ჩამოსული. არ ვიცი, რამდენად არიან ამ მომენტისთვის შეთამაშებულები, მაგრამ ბირთვი, რაც არის ძირითადი გუნდის 8 ფეხბურთელი „ბეშექთაშს" წარმოადგენენ. ერთმანეთს თითქმის, დაბადებიდან იცნობენ. ფიზიკურად, ჩვენზე მეტად მომზადებულები არიან. სამწუხაროდ, ჯერ ვერც საქართველოს და თურქეთის ქალთა ჩემპიონატების შედარება შეიძლება. მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდის იმედი მაქვს. ბავშვები ბოლომდე იბრძოლებენ და დაიხარჯებიან. რთულია, ამხელა წყვეტის შემდეგ, ასე უცებ ითამაშო კარგად მომზადებულ გუნდთან", - ამბობს თამარ ტატუაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც წლებია თრქეთის ქალთა ჩემპიონატში ასპარეზობს. ამჯერად, კი  „ჰაქარიგუჯუ სპორის" ღირსებას იცავს.



საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, დღეს თურქეთის ქალთა ჩემპიონატში მოასპარეზე 6 გოგონა თამაშობს. კიდევ სამი, წლების მანძილზე თურქეთში ასპარეზობდა, შესაბამისად, ქართველ ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეზე წარმოადგენა აქვთ. აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით, ნახევარდაცვის ხაზი ჰყავთ ძალიან კარგი. არც შემტევ რგოლს უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელებმა, არ იციან, რა შემადგენლობით ითამაშებენ, ხვალ თუქრები იციან, რომ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ებრუ თოფჩუზე („ათაშერირ ბელედიესპორი), ფათმა ქარაზე („ბეშექთაში") და სევგი ჩინარიზე ( „ათაშერირ ბელედიესპორი") მოუწევთ.

„თურქეთის ნაკრებში, მეკარიდან დაწყებული, ყველა ძლიერი ფეხბურთელია. ადრე, თეორიის დროს, რომელ თამაშებსაც ვუყურეთ, იმ გუნდთან შედარებით ბევრი ცვლილებაა. ებრუ თოფჩუს გამოვყოფდი. თურქთა მე-16 ნომერი, განსაკუთრებით მოსარიდებელია. შუაში თამაშობს, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენს გუნდშიც არიან გოგოები, რომლებიც ინდივუდუალურად კარგი ფეხბურთელები არიან. იმედია, ხვალ მოვახერხებთ კარგად თამაშს", - ამბობს ხატია ჭყონია, თურქული „ქონაქ ბელედიესპორის" ფეხბურთელი.




ბაჯელიძის გუნდი კი, შეკრებაზე 2 ნოემბრიდან იმყოფება და მომავალი შეხვედრებისთვის 20 ფეხბურთელით ემზადება. დღეს, 7 ნოემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური თამაშის წინ, ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა.

„დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრები შეიკრიბა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 2019 წლის გაზაფხულიდან ჩაებმება და ამისთვის მზადებას სწორედ ამ შეკრებით ვიწყებთ. თურქეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან დავგეგმეთ ორი ამხანაგური მატჩი. გუნდში კარგი განწყობაა, რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს, მაგრამ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოთამაშეები ამხანაგური მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.




ქართველთა ნაკრებისგან განსხვავებით, თურქებს 2018 წელს ორი ამხანაგური შეხვედრა აქვთ გამართული, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში გამარჯვება აქვთ მოპოვებული, 3-2 და 3-0. საქართველოს ქალთა ნაკრები კი შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურებს გამართავს, ახალი შესარჩევის მოსამზადებელი ეტაპის რანგში. ამ მონენტისთვის, ლევან ბაჯელიძის გუნდში, შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

„ჩემი და ზოგადად ნაკრების განწყობა ძალიან კარგია. ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ამ განწყობას მოედანზე გადავიტანთ. რაც შეეხება ჩემს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტრავმა მქონდა და ამიტომ ვერ ვახერხებდი გუნდი დახმარებას. ახლა ყველაფერი გამოსწორდა, კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს ნაკრებს დავეხმარები", - ამბობს ტატა მატვეევა, საქართველო ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. ნორვეგიაში მოასპარეზე ამ ფეხბურთელთან, სრულ ინტერვიუს TSFF.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ გუნდთან ერთად ტრამვით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, ვარჯიში დაიწყო ნაკრების მეკარემ თამარ ნადირაშვილმა. ეროვნული ნაკრების 2 ფეხბურთელი, ანა ჩემინანვა და ლანა გოგრგაძე, კი ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებიან.



მასალაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტოები / ავტორი: ლაშა კუპრაშვილი