მემორიალური დაფა, რომელიც საბურთალოზე, ერთ-ერთ ეზოში გაიხსნა
მემორიალური დაფა, რომელიც საბურთალოზე, ერთ-ერთ ეზოში გაიხსნა
09.10.2018
ავტორი:

„მთავარი გატანილი გოლის" ავტორის, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე, მის დაბადების დღეს, ფეხბურთელის სახელობითი მემორიალური დაფა გაიხსნა. 

„ეს ერთგვარი დაფასებაა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ის ლეგენდარული ადამიანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია" ,- ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი.




ვიტალი დარასელიას საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფის გაკეთების იდეა, რამდენიმე თვის წინ, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობისას გადაწყდა. იმ დღეს, კი ქართული ფეხბურთის ლეგენდა ქართული ფეხბურთის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციას, მერიას  და ყველას, ამ ლამაზი დღისთვის და მამაჩემის დაფასებისთვის. მიხარია, რომ ვიტალის სახელი დღესაც ახსოვთ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იცოდნენ ასეთი ადამიანის არსებობა და მის საფეხბურთო ცხოვრებას მიჰყვენ", - ამბობს ვიტალი დარასელია, ლეგენდარული ფეხბურთელის შვილი.




„ვიტალის გარდაცვალებიდან ბევრი წელია გასული. მინდა ყველას ფედერაციას, მერიას, ჩემს მეზობლებს დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა გადავუხადო ყველა ამ  იდეის განხორციელებაში, ალბათ უფრო ვიტალის სიყვარულის გამო, რომ დაგვიდგა გვერდში. კარგია, ჩემთვის სასიამოვნოა. დღეს, როცა ეს დაფა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე გაკეთდა, მიხარია. გვერდით სადარბაზოზე, ზაქრო თელიას დაფაც არის", - ამბობს მარინა დარასელია, ვიტალი დარასელიას მეუღლე.

საბურთალოს ერთ, თბილისურ ეზოში, ვიტალი დარასელიას სახელობის მემორიალური დაფის გახსნას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრნენ.




„სასიამოვნოა, როდესაც იმ ხალხს, ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა და წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში შრომას არ უკარგავენ. ასეთი დაფასება სჭირდებათ მათ. წინა თაობას, თუ არ დააფასებ, არც მომავალში იქნება შედეგი. 1964 წლის „დინამო", რომ არ ყოფილიყო და ის დიდი ფეხბურთელები, ვის სახელებზეც ჩვენ აღვიზარდეთ, არც 1981 წლის „დინამო" იქნებოდა", - ამბობს ოთარ გაბელია, ლეგერდარული 1981 წლის თბილისის „დინამოს" მეკარე.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა დემიკო ლოლაძის წიგნი, რომელიც ვიტალი დარასელიას ხსოვნას მიეძღვნა. მესამე წელია საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს ატარებს 15-წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო სკოლები მონაწილეობენ ევროპიდან. 2007 წელს ვიტალი დარასელიას სახელი ეწოდა სტადიონს ოჩამჩირეში.




ვიტალი დარასელია, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, დაიბადა 1957 წელს ოჩამჩირეში. ქართული ფეხბურთს ლეგენდამ, სპორტული კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა თბილისის „დინამოში". თამაშობდა სსრკ-ს ეროვნულ ნაკრებშიც. 1981 წლის 13 მაისს, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის დასრულებამდე, 3 წუთით ადრე, სწორედ ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი გოლის წყალობით, თბილისის „დინამომ", მინიმალური ანგარიშით 2-1 გერმანული „კარლ ცაისი" დაამარცხა და თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 1982 წლის 13 დეკემბერს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ტრაგიკულად რიკოთის უღელტეხილზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი დაღუპვის ადგილას დგას მონუმენტი, სადაც ვიტალი დარასელიას პატივსაცემად, მიმავალი მანქანები საყვირს აძლევენ,  ხშირად ჩერდებიან ფეხბურთის გულშემატკივრები და სანთლებს ანთებენ.