სერიაში "ქუთაისი" დაწინაურდა
სერიაში "ქუთაისი" დაწინაურდა
23.05.2018
ავტორი:

ხვალ ქუთაისში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე თამაში გაიმართება "ქუთაისსა" და თბილისის "დინამოს" შორის. დღევანდელი დღის შემდეგ კი სერიაში "ქუთაისი" დაწინაურდა 1-0. გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის მიერ მომზადებილ მიმოხილვას.

სუპერლიგის ფინალური სერია დაძაბული და საინტერესო მატჩით გაიხსნა. ქუთაისის სპორტის სასახლეში საჩემპიონი სერიის პირველ შეხვედრაში "ქუთაისი 2010"-მა 77:71 დაამარცხა "დინამო თბილისი" და 1:0 დაწინაურდა. ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი ქუთაისის სპორტის სასახლეში 24 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.

ქუთაისელთა გამარჯვებას ელფერს ჰმატებს ის გარემოება, რომ შეხვედრა დინამოელთა სრული დომინაციით დაიწყო და სადებიუტო 11:0 გაქცევის შემდეგ სტუმრებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დინამოელთა უპირატესობამ 15 ქულას უწია - მიხეილ ბერიშვილის ზუსტი ტყორცნის შემდეგ ანგარიში 19:4 გახდა.

მასპინძლები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ. თამაში მალევე უნდა გამოესწორებინათ, რადგან მოქმედ ჩემპიონს 20-ქულიანი ლიდერობისთვის რომ გადაებიჯებინა, მას დიდი ალბათობით აღარ გაანიავებდა. ქუთაისელებმა მოახერხეს სტუმართა დაცვისთვის გასაღების მორგება და ბექა წივწივაძის შედეგიანი თამაშით პირველი პერიოდის ბოლომდე დეფიციტი 9 ქულამდე შეკვეცეს, ხოლო მეორე მეოთხედიდან თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს. 

გუნდური თამაშისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე ქუთაისელებმა ჩამორჩენა დიდი პერიოდისთვის 3 ქულამდე შეამცირეს (37:40), რის შემდეგაც ბოლო წუთებამდე ეგრედ წოდებული ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა, როცა ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდად გალიდერებას და ლიდერც რამდენჯერმე შეიცვალა.

მესამე ათწუთეულის ბოლოს მასპინძლებმა მაინც იძალეს და ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით -59:53 გალიდერდნენ. დინამოელებმა შეხვედრა ხეირიანად განაახლეს და კაელ ტურპინის შედეგიანობით ანგარიში 61:61 გახდა. აქ მატჩის გმირობა გამოცდილმა გიორგი ბარბაქაძემ ითავა, რომელმაც სამქულიანით ქუთაისელები 64:61 დააწინაურა და დარჩენილ 5 წუთში კიდევ 2 სამიანი მიითვალა, რომლებმაც ქუთაისელებს მოგება გაუნაღდეს. საკვანძო ბარბაქაძის ორივე ტყორცნა - პირველის შემდეგ მასპინძლები 70:64 დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელებმაც სამიანით  უპასუხეს. ბარბაქაძის გამარჯვების მომტანი სამქულიანი საფინალო სირენამდე 62 წამით ადრე ჩავარდა, რის შემდეგაც ქუთაისელები 6 ქულით - 63:57 დაწინაურდნენ და პირთამდე სავსე დარბაზის გასახარად, გამარჯვება გაინაღდეს.

ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟუან რაითი, რომელმაც 6-6 მოხსნა-პასიც მიითვალა. 14 ქულა და 7 პასი მოაგროვა ბექა წივწივაძემ, გიორგი ბარბაქაძემ კი 12 ქულა ჩააგდო - სულ სამქულიანები. "დინამოში" 17 ქულით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, 15 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი - 12 ქულა და 10 მოხსნა - ილია ლონდარიძემ გაიფორმა.