ფლეი-ოფებამდე რამდენიმე ტურით ადრე, გათამაშებას „ქუთაისი“ ლიდერობს
ფლეი-ოფებამდე რამდენიმე ტურით ადრე, გათამაშებას „ქუთაისი“ ლიდერობს
18.04.2018
ავტორი:

რამდენიმე ტურის შემდეგ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება. თუმცა მანამდე, სუპერლიგის მორიგი თამაშები 20 და 21 აპრილს ჩატარდება. ამჯერად გთავაზობთ, კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ დღევანელი ტურის მიმოხილვას. ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში "ქუთაისი" დგას.

„მგზავრები" - „დინამო" 60-75

სუპერლიგის მორიგი ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს "მგზავრები" და "დინამო" შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში "დინამოზე" გვარიანად დაბლაა, ამ გუნდების აქამდელი 3 მატჩიდან 2 "მგზავრებს" ჰქონდა მოგებული. უხერხულ მეტოქესთან მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა შედეგიანად ჩაატარა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 75-60.

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს იოლად არ მოუგია. პირველი ნახევრის 32-37 წაგების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი "მგზავრები" დაწინაურდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა - ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან - მეორე. ბოლო პერიოდის წინ "დინამო" 2 ქულით იგებდა, თუმცა დასკვნითი ათწუთეული მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა - გუნდური და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშის შედეგად მოქმედმა ჩემპიონებმა ხელჩასაჭიდი, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაში გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანეს.

"დინამოში" ერთბაშად 5-მა მოთამაშემ უწია 10-ქულიან ზღვარს. 14-14 ქულით ილია ლონდარიძე და კაელ ტურპინი გამოირჩნენ. 12 ქულა დააგროვა გიორგი შარაბიძემ, ხოლო 11 - ალექსანდრ მიტროვიჩმა. 10 ქულა შესძინა დინამოელებს რეივენ ლიმ. "მგზავრებში" 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 15 ქულა ტეილორ სტეფორდმა მოაგროვა, ხოლო ბერნარდ ნკალიმ "მგზავრებს" 7 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

მატჩის სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები-

ბუბა ბერიშვილი , „მგზავრების" მთავარი მწვრთნელი: „ვულოცავ „დინამოს" გამარჯვებას, მე ვიტყოდი, რომ ჩემი გუნდი ცოტა გადაღლილია, ბათუმშიც თამაში გვქონდა და მგზავრობის შემდეგ ფიზიკურად „დინამოსთვის" ვერ მოვემზადეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთებიც არ წაგვივიდა. ვეცდებით, მომავალში გამოვასწოროთ და განსაკუთრებით კარგად მოვემზადოთ პლეი-ოფისთვის, ამ ეტაპზე ჩვენთვის ესაა მთავარი."

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი: „უკვე პლეი-ოფისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარჩენილი სამი თამაშიც, რადგანაც აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე გავალთ. პირველი ოთხეული გამოკვეთილია, მაგრამ ბოლო თამაშები აუცილებლად კარგად უნდა გამოვიყენოთ არა მარტო შედეგისთვის, არამედ პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად. ყველაფერი წინაა და ვეცდებით, პლეი-ოფს შევხვდეთ სასურველ კონდიციებში და სასურველი ადგილით."

 

„სოხუმი" - „ქუთაისი" 66-110

სუპერლიგის 30-ე ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდები - ლიდერი "ქუთაისი" და ბოლოადგილოსანი "სოხუმი" შეხვდნენ. მატჩის შედეგი წინდაწინ ცნობილი იყო. ქუთაისელები რეგულარული ჩემპიონატის მოგებას გეგმავენ და მიზანთან ახლოსაც არიან. შესაბამისად, აუტსაიდერთან იოლი მოგების შანსი იმერულმა კლუბმა ხელიდან არ გაუშვა.

შეხვედრა "ქუთაისმა" 110-66 მოიგო და დარჩენილ 3 ტურში 2 გამარჯვება სჭირდება რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად. იმერულ კლუბს 26 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 19 ქულა მოაგროვა ბექა ბექაურმა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი - 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. "სოხუმში" 21 ქულით საუკეთესო იყო ლევან რევაზაშვილი. 15 ქულა და 12 მოხსნა სერგო ათუაშვილმა მიითვალა.

მატჩს სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები-

კოტე ტუღუში , „ქუთაისის" მტავარი მწვრთნელი:  „სოხუმი" ბოლო ადგილზეა, დასუსტებული შემადგენლობითაა, თუმცა, ჩვენის მხრივ, ვეცადეთ, რომ კარგი თამაში გვეჩვენებინა. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო გასვლითი თამაში გვქონდა და მოხარული ვართ, რომ გავიმარჯვეთ. განვაგრძობთ შემდეგი თამაშებისთვის მომზადებას და ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ პირველი ადგილი."

გია კაზანჯიანი , „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი: „ღირსეულმა მეტოქემ გაიმარჯვა და ვუსურვებ წარმატებას „ქუთაისს". რაც შეეხება ჩემს გუნდს, ტრავმები გვაქვს, დღევანდელ თამაშზე კიდევ დაგვემატა და რა შეიძლება ითქვას, ვასრულებთ სეზონს."


„კაკტუსი" - „რუსთავი" 90-88

სამეულში შესასვლელად უშუალო კონკურენტები არიან "კაკტუსი" და "რუსთავი". სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ სუპერლიგის მორიგ მატჩში, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა და საფინალო სირენა რომ გაისმა, ანგარიშში ორქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 90-88. გაიმარჯვა "კაკტუსმა", რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატის სამეულში დასრულების გზაზე სოლიდური ნაბიჯი გადადგა.

მატჩის უმეტეს დროს რუსთაველები იგებდნენ, რომელთა რიგებშიც დებიუტი ჰქონდა ჰოლანდიელ ცენტრ ქრეიგ ოსაიქიუოუენსს. ტანმაღალმა მოთამაშემ რუსთაველებს ფარქვეშ პოზიცია გაუმყარა, თუმცა ამ შეხვედრაშიც ქვემოქართლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა უკანა ხაზი იყო. სანამ რეზო ჩაჩანიძე, ბრაიან ბერნარდი, ლევან ცეკვავა და ადამ ბლეიზეკი პერიმეტრიდან შედეგიანად უტევდნენ, რუსთაველებს არ უჭირდათ.

პირველი პერიოდი ქვემოქართლელებმა 14-18 წააგეს, თუმცა მეორეში გაილაღეს და ათწუთეულის 34-21 მოგებით დიდ შესვენებაზე ათქულიანი ლიდერობით გავიდნენ. კაკტუსელებმა ჩამორჩენის გაბათილება იწყეს, რაშიც შეუდარებელი იყო დეანდრე პარკსი. ამერიკელი უკანახაზელი სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდა, მას ბოლო პერიოდში ხელი დავით ლომიძემ და გიორგი ტურძილაძემ შეაშველეს. პირველი სამქულიანებით, ხოლო ტურძილაძე შედეგიანი ფარქვეშა სროლებით დიდად დაეხმარნენ თავის გუნდს ბოლო წუთზე გალიდერებულიყო - 89-88. ტაქტიკური ჯარიმებით რუსთაველებმა მოახერხეს, რომ 2 ქულით (88-90) ჩამორჩენილებმა ბოლო შეტევა მოიპოვეს, თუმცა ბურთი უხეიროდ გამოიტანეს და ის 3 წამი გაფლანგეს, რომელიც მატჩის გადასარჩენად ჰქონდათ.

"კაკტუსში" 33 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი. 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დავით ლომიძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. "რუსთავში" 23 ქულით საუკეთესო იყო ლევან ცეკვავა. 16 ქულა ბრაიან ბერნარდიმ მოიპოვა, ხოლო ტაირელ ნელსონის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

მატჩის სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები-

არჩილ ჟღენტი,  „კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი: „გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე, ერთი დღეს დაგვიბრუნდა, მაგრამ ჯერ არ არის სათანადო ფორმაში. ამის მიუხედავად, ზედიზედ მეხუთე თამაში მოვიგეთ.  წინ თასის ფინალი და პლეი-ოფი გვაქვს, ამიტომ გუნდის სულისკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება.  მადლობა ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად."

რამაზ გოგობერიშვილი , „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი: „უამრავი შეცდომა იყო, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში. გუნდი ბოლო წუთებზე უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თამაშს და ამ ყველაფერმა განაპირობა ეს შედეგი."

 

ოლიმპი" - ბათუმი" 67-64

დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე სუპერლიგის მორიგი ტურის 4 მატჩს მასპინძლობს. "მარნეულის" გარდა დარბაზში მისული მაყურებელი სუპერლიგის ყველა გუნდს საქმეში იხილავს. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი გუნდები - "ოლიმპი" და "ბათუმი" შეხვდნენ.

ორივე გუნდისთვის თითქმის გადაწყვეტილია, რომ რეგულარულ სეზონს ზედა ოთხეულში ვერ დაასრულებენ, შესაბამისად, პლეი ოფის პირველ წრეში მოედნის უპირატესობა არ ექნებათ და ამ შეხვედრას უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. კარსმომდგარი პრინციპული საპლეიოფო ბრძოლებისთვის "ბათუმიც" და "ოლიმპიც" გამალებით ემზადება და დღევანდელ დაპირისპირებაში გუნდებმა არაერთი კომბინაცია და დაცვითი ტაქტიკა დაამუშავეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. მანამდე კი უმეტესად "ოლიმპი" იგებდა, რომლის მოთამაშეებიც უფრო სხარტად და ზუსტად თამაშობდნენ. პირველი პერიოდი თბილისელებმა 19-12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი მასპინძელთა ლიდერობა 5 ქულას შეადგენდა.

 "ოლიმპის" უპირატესობა მესამე პერიოდში 10 ქულამდე გაიზარდა და თითქოს აჭარული კლუბი განწირული ჩანდა, მაგრამ ერიკ ჩილდრესისა და სპენსერ კოლინსის შედეგიანობით ბათუმელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს მოხდა მეოთხე პერიოდში, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, რის შემდეგაც ოლიმპელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და დარჩენილი დროში მოსაგებად სამყოფ ლიდერობას მიაღწიეს. საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულით - 67-64 გაიმარჯვეს.

"ოლიმპში" 18 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ჰილი. 13 ქულა დააგროვა გივი ბაქრაძემ, ხოლო 12- მიხეილ ჭოჭუამ. "ბათუმში" 22 ქულით საუკეთესო გახლდათ ერიკ ჩილდრესი. 15 ქულა მიითვალა სპენსერ კოლინსმა.

მატჩს სტატისტიკა

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით როგავა , "ოლიმპის" მწვრთნელი: "ეს მატჩი მნიშვნელოვანი გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ გუნდმა გასული შეხვედრები ცუდად ითამაშა დაცვაში და "ბათუმთან" ხარვეზები მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ. მატჩის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ცხრილის ზედა ნახევარში სიმჭიდროვეა და არ ვიცით, ვის შევხვდებით. პლეი ოფის წინ ეს მატჩი საკმაოდ ნაყოფიერი იყო".

ვლადიერ ბოსნიაკი,  "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი: "მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. რთულია, განსაზღვრო, ვინ შეგვხვდება პლეი ოფში, ამიტომ, ამ და დარჩენილ მატჩებსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ მოსამზადებლად".