საფეხბურთო შედეგებს მათემატუკურად ვერ გამოთვლი, თუმცა...
საფეხბურთო შედეგებს მათემატუკურად ვერ გამოთვლი, თუმცა...

ხვალიდან, 13 მარტიდან, 80 კანდიდატიდან შერჩეული 30 მსმენელი, სფფ-სა და GIPA-ს პირველ ერთობლივ პროექტში „საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა" ჩართვება. მომავალი საფეხბურთო და საფეხბურთო სფეროში დასაქმებული მენეჯერებისთვის სწავლება 6 მოდულისგან შედგება. ივლისში, კი ამ 30-დან ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის დამადასტურებელი მოწმობა, მათ გადაეცემათ, ვინც 5 თვის მანძილზე ორი უწყების კოჰაბიტაციურ დავალებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ გვყავს ძალიან კვალიფიციური პარტნიორი ჯიპას სახით, რომელთან თანამშრომლობაც კურსის უმაღლეს ხარისხს განსაზღვრავს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან საჭიროდ ჩათვალეს და საფეხბურთო განათლება პრიორიტეტად აქციეს. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს პატივი, მოგილოცოთ სასწავლო პროცესის დაწყება, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე გახდით რჩეულები და დიდი კონკურენციის შედეგად ამ კურსის მონაწილეები ხართ,"- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, დღეს, „ფაბრიკაში" გამართულ სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე.

სფფ-სა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პირველი და უახლესი ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამა უფასოა მსურველთათვის და სრულად ფინანსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

„გილოცავთ ამ საინტერესო პროექტის დაწყებას. უპირველესად, მსურს, ვისაუბრო ფეხბურთის ფედერაციის გუნდზე, ლევანის ხელმძღვანელობით. ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ასეთი პროგრესული, ასეთი ზუსტი და დროული მიდგომა აქვს ინსტიტუციას სფეროს განვითარების მიმართ. ინსტიტუცია ხედავს და გრძნობს დღევანდელ მოთხოვნებს და იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია განათლება ზოგადად ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, მიუხედავად საკუთარი დიდი გამოცდილებისა, არ ჩაიკეტა საკუთარ თავში და მიხვდა, რომ ასეთ პროექტებს სჭირდება კოლაბორაცია. ის, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად ამაზე ყველანი ვთანხმდებით. როდესაც კურსზე მიღება გამოვაცხადეთ, იმდენად დიდი იყო მსურველთა რაოდენობა, რომ საკომუნიკაციო არხები გადაიტვირთა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ სფეროს მიღმა მოღვაწე ადამიანებსაც მიეცემათ აღნიშნული კურსის გავლის საშუალება."- აღნიშნა ჯიპას რექტორმა, მაკა იოსელიანმა.

საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამას, სასპორტო განათლების თვალსაზრისით მნიშნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძე. წარსულში თავად სპორტსმენმა, კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითრებისთვის, ფედერაციის ნებისმიერ რგოლში კვალიფიცირებულ კადრებს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენმა ქვეყანამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა. ბუნებრივია, რომ სასპორტო განათლება მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსურს მთელი გულით მივესალმო ამ პროექტს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ერთობლივ თანამშრომლობას გულისხმობს სამწლიანი მემორანდუმის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბევრ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებენ. წარმოუდგენელია, რომ სპორტში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში რაიმე წარმატებაზე ვისაუბროთ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე" - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

ქართული ფეხბურთის განვითარებას,  საფეხბურთო მენეჯმენტის უნარების გადამზადებაში და კვალოფიკაციის ამაღლებაში ხედავენ პროექტის ავტორები. მიმდინარე პროექტის გარდა, სფფ-სა GIPA-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მომავალში, კიდევ 2-ჯერ ჩატარდება საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ამჟამინდელისგან განსხვავებით, პროგრამაში მონაწილეობა, ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირების გარდა, აღნიშნული სფეროთი დაინტერესებუმა სხვა სუბიექტებმაც მიიღონ.