მოქმედი ჩემპიონი ქულებს კარგავს, ლიდერი კი პირველობას არ თმობს
მოქმედი ჩემპიონი ქულებს კარგავს, ლიდერი კი პირველობას არ თმობს
19.02.2018
ავტორი:


თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს, ორშაბათს, 19 თებერვალს უმასპინძლა. IX ტური არც თუ უხვგოლიანი, თუმცა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

სათამაშო დღე, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებით დაიწყო და ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე დასრულდა - აგორამ აფხაზეთს დამაჯერებლად სძლია 6:0 და ცხრილის სათავეში ყოფნა, მინიმუმ კიდევ ერთი ტურით გაიხანგრძლივა.

აუცილებელი, თუმცა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა თბილისმა, რომელმაც ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებაში (1:45 სთ), ქუთაისის მართვე დაამარცხა 6:5. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, „დედაქალაქელები" ოთხი ბურთის სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თავიანთი უყურადღებობით და ქუთათურთა საოცარი მონდომების ხარჯზე, ლამის სამი ქულის გარეშე დარჩნენ და რომ არა იმერელთა უიღბლობა, არც უქულოდ დარჩენა იქნებოდა „შორეული პერსპექტივა".

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის კლუბმა.  წინა ტურში, აგორასთან განცდილი დრამატული და საოცარი მარცხის შემდეგ, მათი მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, სტუ-თელასი იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ბათუმელმა სტუდენტებმა" ორჯერ შეძლეს „ენერგეტიკოსებთან" ანგარიშში ჩამორჩენის აღმოფხვრა და მეტოქის მსგავსად, თავადაც ახლოს იყვნენ სამი ქულის მოპოვებასთან.  საბოლოოდ, მორიგი „შავიზღვისპირული" სენსაცია და ქულებ დაკარგული ფავორიტი 2:2.

სათამაშო დღის კულმინაცია კი ტურის ცენტრალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და ტატიშვილი დაუპირისპირდნენ. სატურნირო ცხრილის „მეზობლების" შეხვედრა, უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. საფეხბურთო ასპექტების გარდა, მაღალი იყო ემოციური ფონიც, რის გამოც ხშირად იყო პაუზები, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პირველი ტაიმი 50 წუთს (!!!) გაგრძელდა. მსაჯებსაც ემოციების ჩასახშობად, ხშირად უწევდათ მოთამაშეთა გაფრთხილება. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „მედიკოსებმა"  საწყის ათ წუთში მოახერხეს ორ ბურთიანი უპირატესობის მოპოვება და  მათი მეკარის თორნიკე ბუკიას დამაჯერებელი თამაშის წყალობით, შესვენებაზეც უპირატესობით გავიდნენ. „კოლხებმა" ვერც მეორე ნახევარში  შეძლეს თამაშის სცენარის სათავისოდ შემოტრიალება. ტატიშვილის ფეხბურთელებმა კი დასკვნით ათ წუთში კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. საბოლოოდ, ირანულ-ქართული სამწვრთნელო დუელი, ბაჰრამ ნოვინი vs ალე ძაბირაძე, ამ უკანასკნელის „სუფთა" გამარჯვებით დასრულდა - 0:4

ამ მოგებით „მედიკოსებმა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ აგორას, ხოლო უახლოეს მდევრებს, თელას და კოლხს, შესაბამისად ორი და სამი ქულით უსწრებენ. მომდევნო, მეათე ტურის მთავარი ინტრიგაც სწორედ, სატურნირო ცხრილის I-II ადგილოსნების დაპირისპირებაა, რომელიც 23 თებერვალს, 21:00 სთ-ზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა VIII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, ტატიშვილის ფეხბურთელი, გიორგი ლუკავა გახდა.

 

19.02.2018.ფუტსალის ლიგა.VIII ტური  

აგორა - აფხაზეთი 6:0 (4:0)

გოლები: 01:43' დანელია (1:0), 10:40' სიგუნავა (2:0), 12:36' დანელია (3:0), 15:23' მაჭავარიანი (4:0), 20:33' გიორგაია (5:0), 32:27' ფარცვანია (6:0)

გაფრთხილება: 37:08' ჯანიკაშვილი (აფხ)

 

მართვე (ქუთ) - თბილისი 5:6 (2:4)

გოლები: 03:35' გოგოხია (0:1), 11:28' გოგოხია (0:2), 13:27' სანიკიძე (0:3), 14:43' გოგსაძე (1:3), 15:44' სანიკიძე (1:4), 18:57' ბერეჩიკიძე (2:4), 26:22' გოგოხია (2:5), 30:45' ჯანელიძე (2:6), 32:28' ესაიაშვილი (3:6), 38:24' ხაჭაპურიძე (4:6), 38:40' გორგოძე (5:6)

გაფრთხილება: 19:28' გორგოძე (მარ), 19:47' ბერეჩიკიძე (მარ), 19:47' ჭიაბერაშვილი (თბ)

 

სტუ-თელასი - ბსუ (ბთ) 2:2 (0:0)

გოლები: 21:27' ჭუმბურიძე (თელ), 25:29' გაბუნია (ბსუ), 29:50' სოზაშვილი (თელ), 30:49' ნინიძე (ბსუ)

გაფრთხილება: 30:49' მაისაია (თელ)

 

კოლხი-გულრიფში - ტატიშვილი 0:4 (0:2)

გოლები: 08:22' სილაგავა (0:1), 09:56' ალავერიქჰანი (ს.კ 0:2), 33:41' სილაგავა (0:3), 39:12' კეკელია (0:4)

გაფრთხილება: 12:32' ომითი (კოლ), 12:32' მურცხვალაძე (ტატ), 14:20' ნადირაძე (კოლ), 21:24' ჰოსეინზადე (კოლ), 32:01' ნადირაძე (კოლ)

გაძევება: 32:01' ნადირაძე (კოლ)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) - 15, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 12, ამირან ცხომარია (კოლხი), კახაბერ გოგოხია (თბილისი) - 11

 

მასალა მომზადებულია სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახურის მასალის მიხედვით