ნახევარფინალები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება
ნახევარფინალები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება
21.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მესამე საასპარეზო დღეს, ტრადიციული საკალათბურთო ტურნირის ½ ფინალში მოასპარეზე ორი გუნდი უნდა გამოევლინა. გათამაშების მომდევნო ეტაპზე კი, მათ უკვე ელოდნენ „ქუთაისი" და „ვერა", რომლებმაც ორი საასპარეზო დღის შემდეგ ½ ფინალში თამაშის უფლება გაინაღდეს.


შესაბამისად, A ჯგუფში დარჩენილ ბოლო შეხვედრას „რუსთავსა" და „ტიტებს" შორის, ფორმალური ხასიათი ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ „ტიტები" მთელი 3 პერიოდი დომინირებდნენ, „რუსთავმა" ბოლო მეოთხედში მოახერხა მობილიზება და ამ მეოთხედის მოგებაც შეძლო, თუმცა, მატჩის საერთო ანგარიში დიდად ვერ შეცვალა და 69-84 წააგო. ამ ჯგუფიდან, ½ ფინალში „ვერა" გავიდა".


დღის მეორე „შეხვედრაში" D ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ საასპარეზო დღემდე, თითო მოგება ჰქონდა „მეგასა" და „კაკტუსს". აქედან, გუშინდელ მატჩში, „კაკტუსმა" სწორედ „მეგას" დამარცხება შეძლო და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, „ცხუმ-აფხაზეთთან" წაგების შემთხვევაშიც კი, ½ ფინალში გასვლის შანსი დაიტოვა. „კაკტუსს", „მეგასთან" ურთიერთშეხვედრების დადებითი ბალანსი ჰქონდა და თუკი ბურთების უკეთესი შეფარდება უკვე „ცხუმ-აფხაზეთთანაც" ექნებოდა, მომდევნო ეტაპზეც ის გავიდოდა. დღევანდელი მატჩიც, სწორედ ამიტომ, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და არც ერთი გუნდი თავს არ ზოგავდა. გუნდებმა, პერიოდები მონაცვლეობით მოიგეს, საბოლოოდ კი „ცხუმ-აფხაზეთმა" 3 ქულით 69-66 გაიმარჯვა. ეს კი, არ აღმოჩნდა გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. 2-2 თამაშის შემდეგ აქ, ყველა გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა. თუმცა, მოწინააღმდეგეებთან ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯგუფში, პირველი ადგილი „კაკტუსმა" დაიკავა.  


პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა C ჯგუფში თსუ-სა და „ოლიმპის" დაპირისპირებას. აქ, ჯგუფის სასტარტო შეხვედრებში, ორივე გუნდმა „ორბის" დამარცხება მოახერხა და შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეც, სწორედ ამ წყვილში გამარჯვებული გავიდოდა. „ოლიმპმა" პირველი და ბოლო მეოთხედი კი მოიგო, მესამეც მხოლოდ 1 ქულით წააგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამ მატჩში, გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც თსუ-მ 30-18 მოგო. ½ ასასვლელად კი, „ოლიმპი" 96-88 დაამარცხა.


ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, „დინამომ" , „მგზავრებთან" მხოლოდ პირველი მეოთხედი დათმო და მერე ეტაპობრივად, სამივე დარჩენილი პერიოდის მოგება და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა 87-78, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ B ჯგუფის პირველი მატჩები ორივე გუნდს „ქუთაისთან" ჰქონდა წაგებული, მატჩს, ფორმალური ხასიათი უფრო ჰქონდა.


ტურნირის დებულების შესაბამისად, გათამაშების ½ ფინალებში „ვერა"-„კაკტუსს", „ქუთაისი" კი, თსუ-ს დაუწყვილდა. ნახევარფინალური თამაშები ხვალ, 22 იანვარს, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, „ვერასა" და „კაკტუსის" დაპირისპირება 14:00 დაიწყება. 16:30 ქუთაისის სპორტის სასახლეში, „ქუთაისი"-თსუ-ს შეხვდება.


შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მატჩებზე მაყურებელი არ დაიშვება. თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ორივე თამაშის ლაივ-სტრიმს შემოგთავაზებთ.


ჯგუფური შედეგები

 


კალათბურთის ფედერაციის ფოტო