პროტოკოლი სპორტისთვის
პროტოკოლი სპორტისთვის
28.05.2020
ავტორი: ვ.ბ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მთელი რიგი სპორტული ფედერაციები, ქვეყნის მთავრობასთან ერთად იმ „პროტოკოლზე" მუშაობენ, რომელიც საქართველოში სპორტსმენებსა თუ კლუბებს, საწვრთნელი პროცესების განახლების შესაძლებლობას მისცემს.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო მინიმუმ ერთი წლით გადაიდო, ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების მმართველ სტრუქტურებში მიაჩნიათ, რომ ფორმის აღსადგენად და შესანარჩუნებლად, რაც წარმატებისთვის აუცილებელია, სპორტსმენებმა საწვრთნელი პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა აღადგინონ.


„რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენს ოლიმპიელებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ  ოლიმპიური თამაშების საგზური, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხს შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული პირობები, რომ ივარჯიშონ. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სპეციალურ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს მოამზადებს და განსაკუთრებით ოლიმპიელების ნაწილში, უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ხალხმა დაიწყოს ვარჯიშები და წვრთნები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პასუხად, ლერი ხაბელოვის შეკითხვაზე, რომელიც  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას, სეოკ-ის პრეზიდენტმა მიმართა.


შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო ინტერვიუში, კონკრეტულად საწვრთნელი შეკრებებისა და შეჯიბრების განახლების თაობაზე და მათი ჩატარებისთვის აუცილებელ პროტოკოლზე ისაუბრა სფფ-ს პრეზიდენტმაც ლევან კობიაშვილმა.


ამ მომენტისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სპორტული შეჯიბრი შეჩერებულია.