ქსკ "ლანჩხუთმა" გურულებს ფეხბურთი დაუბრუნა
ქსკ "ლანჩხუთმა" გურულებს ფეხბურთი დაუბრუნა
15.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთი ტურიც და საქართველოს ქალთა ლიგის რიგით მე-4 გათამაშების გამარჯვებული გაირკვევა. ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქალთა ლიგას თანაბარი, 48-48 ქულით ორი გუნდი, მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ნიკე" და „ლანჩხუთი" ლიდერობენ. ურთიერთშეხვედრების გათვლით, პირველ საფეხურზე, მიმდინარე გათამაშებაში, მე-17 ტურში პირველად შეიცვალა ლიდერი და წინ გურულები გავიდნენ.


მე-17 ტურის მატჩები კი, 14 და 15 სექტემბერს გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.  ერთმანეთს, ამ მატჩამდე, გათამაშების ლიდერი „ნიკე" და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფი „ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, რაც ქალთა ლიგის გათამაშების ერთგვარი რეკორდია. თამაშს კი ქალთა ფეხბურთის ისტორიაში მსაჯთა უპრეცედენტო რაოდენობა, საერთო ჯამში, 6 მსაჯი ემსახურებოდა. ალბათ, ამ კუთხით რაც გურულების მთავარ სტადიონზე ჩატარებულ მატჩს აკლდა „ვიდეო რეფერი" იყო.




2019 წლის სეზონზე, „ნიკე" სწორედ, „ლანჩხუთთან" მოგებული თამაშის გამო, ჩემპიონატს დაკარგული ქულების გარეშე ლიდერობდა და ამ შეხვედრაში გამარჯვების, ანდა სულაც ფრედ თამაშის შემთხვევაში, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაცვას ახერხებდა. „ლანჩხუთს" კი, ქალთა ლიგის გათამაშებებში, პირველი ტიტულის მოსაპოვებლად, უშუალო მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.



როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალური დაპირისპირება დაძაბულად, საინტერესოდ და მაღალ ტემპში წარიმართა. თავდაპირველად ანგარიშს გახსნის საშუალება ჰქონდათ სტუმრებს, თუმცა თბილისელებმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. მომდევნო მომენტში კი, ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ააცილეს კარს. თუმცა, ამ მომენტების შემდეგ გურულებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და პირველ ტაიმში 2 ბურთის გატანა მოახერხეს. დუბლი, ხატია ჭყონიამ შეასრულა. მეორე ტაიმში „ლანჩხუთმა" ანგარიში გაზარდა და „ნიკეს" თამაშის გადარჩენის იმედები გადაუჭრა, გოლი, მარიამ კალანდაძემ გაიტანა თუმცა, ლიზი მწყერაშვილმა, პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. შეხვედრა „ლანჩხუთის" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.




დიდი ალბათობით, სწორედ „ლანჩხუთი" იქნება წლევანდელი გათამაშების და ქვეყნის ახალი ჩემპიონი. პირველობის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, გურულებმა, პატარა ზეიმი კო მოაწყეს, თუმცა დიდი დღესასწაული მათ 20 სექტემბერს ელოდებათ.



ტურის დანარჩენ შეხვედრებში, „მართვემ" ადვილად მოახერხა „ზარზმას" დამარცხება, ანგარიშით 6-0.

მეგრულ დერბიში, ხობის ცენტრალურ სტადიონზე „კოლხეთმა" 7-1 დაამარცხა „სამეგრელო".

ფრედ, 2-2 დასრულდა შეხვედრა გონიოს ცენტრალურ სტადიონზე, ბათუმის „დინამოსა" და „ზარზმას" შორის.

ხოლო, მე-17 ტურის ბოლო მატჩში, დღეს, თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე, „ნორჩმა დინამომ" 3-1 დაამარცხა ხაშურის „ივერია".




ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო ტური, 20 სექტემბერს გაიმართება. სწორედ, ამ დღეს გაირკვევა საბოლოოდ ქვეყნის ქალთა ლიგის, რიგით მეოთხე გათამაშების გამარჯვებულის ვინაობაც. ბოლო ტურის წინ, გათამაშების ბომბარდირთა დავას 31 გოლით „ლანჩხუთის" ფეხბურთელი, თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს.

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები