სრული შემადგენლობით პატაიაში
სრული შემადგენლობით პატაიაში
11.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ამდენიმე დღეში, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გაემგზავრება სადაც, ქალაქ პატაიაში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის თქმით, გუნდი მაღალი მიზნებისკენ უნდა იყოს ორიენტირებული. მაღალი მიზნები კი, „ბევრი ლიცენზია არის" ოლიმპიურ თამაშებზე.


„არასდროს მიფიქრია, რომ აპრიორი არის დღეს, რაღაც ერთი კონკრეტული შეჯიბრში. მთავარია სტრატეგია, რაზეც ვმუშაობთ, ის უნდა გავამართლოთ. ჩვენ კი, ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის ვმუშაობთ. რაც შეეხება, მსოფლიოს ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს, ისინი ბევრჯერ ჩატარდება და ბევრ ქართველ სპორტსმენს მიეცემა მათზე თავის გამოჩენის საშუალება. ოლიმპიური თამაშები კი, შეგვიძლია, თუნდაც სხვა ტურნირებზე დაკარგული მედლები ავანაზღაუროთ", - ამბობს გიორგი ასანიძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.  




თუმცა, ტაილანდში, მისი გუნდი მაღალი მიზნებისთვის მიემგზავრება. ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ყველანაირად შეეცადა, რომ გუნდი აღნიშნულ ტურნირს მაქსიმალურ ფორმაში შეხვედროდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში მცირე ტრავმები მაინც არის და ამის გამო ნაკრებს ხელი არ შეშლია, მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით გაემგზავროს.


„მივდივართ საასპარეზოდ, როგორც პატარა, ასევე მძიმე წონებში. სამწუხაროა, რომ თურმანიძე, ამ ეტაპზე გუნდს ვერ დაეხმარება. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე ის ჩვენთან ერთად, ლაშას გვერდით იქნება და გაამხნევებს მათ. მსოფლიო ჩემპიონატი, რამდენიმე სპორტსმენისთვის სადებიუტო იქნება. არ მინდა დავაკნინო არც ერთი სპორტსმენის გამოსვლა, თუმცა 90კგ წონით კატეგორიაში, რეზი დავითაძე იბრძოლებს მაღალი ხარისხის მედლისთვის. ასელევ, პლესნოი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და მაღალი ხარისხის მედლისთვის იბრძოლებს. მოგეხსენებთ, 102 კგ-ში კიდევ გვყავს ირაკლი ჩხეიძე. ხოლო მძიმე წონებში გიორგი ჩხეიძის და ლაშა ტალახაძის იმედი გვაქვს. ლაშასაგან კიდევ ერთხელ ველოდებით, ტიტულის შენარჩუნებასა და გალამაზებას. მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ამოცანა არის არა მარტო კარგი გამოსვლა, არამედ, გვინდა მოვსინჯოთ ძალები, მაშინ, როდესაც სრული შემადგენლობა მიდის შეჯიბრზე და იბრძოლებს, მაღალი ხარისხის ადგილისთვის. ბოლო 2 წელია ევროპის ჩემპიონები ვართ და გვინდა, რომ მსოფლიო ასპარეზზეც, მოვსინჯოთ ჩვენი ძალები, ყველა იმ ძლიერ გუნდთან, რომლებიც, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ",  - ამბობს გიორგი ასანიძე.




ინფორმაციისთვის, თურმანიძემ, რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციისთვის ქართველ სპორტსმენს მინიმუმ 3 თვე დასჭირდება. ის კი თუ რა გამოუვა საქართველოს ნაკრებს, ამას 17-28 სექტემბრის ჩათვლით გავიგებთ. გამგზავრებამდე 3 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუნდის შემადგენლობა, მედიის თანდასწრებით დაასახელა.


61კგ. შოთა მიშველიძე

61 კგ. გოდერძი ბერდელიძე

67 კგ.  გოგა ჩხეიძე

73 კგ. კახი ასანიძე

73  კგ. არჩილ მალაყმაძე

89  კგ. რევაზ დავითაძე

96 - 102 კგ ანტონ  პლესნოი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე

+109 კგ. გიორგი  ჩხეიძე

+109 კგ. ლაშა ტალახაძე

81კგ. ლომია  თებიძე (რეზერვი)




შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გარდა მედლებისა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.


„ყველა მოწინააღმდეგეს აღვიქვამ, როგორც კონკრეტულ მოწინააღმდეგე, რადგან ელემენტარული შეცდომის დაშვებისასაც კი, ვიცი, რომ იმ შეჯიბრს წავაგებ. ასე, რომ თითოეულ მოწინააღმდეგეს, ღირსეულად ვუყურებ",  - ამბობს ლაშა ტალახაძე, რომელიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ რიგში საკუთარი მიღწევების დაცვას, ხოლო პარალელურად გაუმჯობესებას შეეცდება.




ტაილანდში გამგზავრებამდე,  საქართველოს ძალოსანთა ნაკრები,  მომზადებას, ტრადიციულად, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე აგრძელებს.