ევროთასებს „დინამო თბილისი“ ღირსეულად დაემშვიდობა
ევროთასებს „დინამო თბილისი“ ღირსეულად დაემშვიდობა
15.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ,  თანამედროვე „ფეიენოორდის" მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა ერთხელ და საბოოლოდ დააფიქსირა, რომ არაფერი სმენია 38 წლის წინ, ამ ორი გუნდის დაპირისპირებაზე და  „დინამო თბილისთან" 2019-2020 წლების აღნიშნული სპარინგის დროს, მას არც „ძველ ამბებზე" აუღია რევანში. ორივე პრესკონფერენციაზე, ჯერ როტერდამში და შემდეგ თბილისშიც, ჰოლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ „დინამო თბილისი" კარგი გუნდია, ჰყავს, რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელთაგან, ორივე მატჩში ლევან შენგელიას უფრთხოდა. თუმცა, თუ როტერდამში მისმა გუნდმა შენგელიას პირველ ტაიმში „ამოკეტვა" მოახერხა, საპასუხო შეხვედრაში ამის გაკეთება ვეღარ შეძლო და შენგელიამ გოლიც გაუტანა.



„როგორც მწვრთნელი, ვამბობ, რომ ჩემი გუნდის ამოცანა ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა, ისევე როგორც დღეს. ის, რომ დღევანდელი მატჩი ფრედ დასრულდა, „დინამო თბილისის" კარგი თამაშის დამსახურებაა და არა იმის, რომ ჩვენ ხელსაყრელი ანგარიშით გვქონდა პირველი შეხვედრა მოგებული  და დღეს, მოსაგებად არ ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, უფრო უკეთ თამაში და შექმნილი მომენტების გამოყენებაც შეგვეძლო, ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებდით", - აღნიშნა სტამმა.



შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. „დინამო თბილისმა" კი, საკუთრი თამაში მწვავე კონტრშეტევებზე ააგო და პირველ თამაშთან შედარებით, დღეს მომენტებიც შექმნა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში, დისკალიფიკაციის გამო, აკაკი შულაია და ლევან კუტალია ვერ მონაწილეობდნენ. ტრავმების გამო კი გუნდ არფან დაფე და კვამე კარიკარი აკლდათ. პირველ ტაიმში, დასაწყისში  და დასასრულს საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა ნოდარ ქავთარაძემ, ტაიმის მიწურულს, ერთი-ერთზე გასულმა ბაქარ ქარდავამაც გაუშვა შანსი ხელიდან. შესაბამისად პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.



„რეალურად, თავდამსხმელის გარეშე ვიყავით, მაგრამ ამის მიუხედავად კარგად ვითამაშეთ. ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მთლინაობაში, ევროპის ლიგაზე ნორმალური სეზონი გამოგვივიდა. მოვახერხეთ და ორ მეტოქეს ისე გავცდით, რომ არც გოლი გაგვიშვია და საერთო ჯამში, მოწინააღმდეგის კარში 12 გოლი გავიტანეთ. ბოლოს „ფეიენოორდთან" დაპირისპირება მოგვიწია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, რომ არა რამდენიმე უიღბლობა და მსაჯის არასამართლიანი გადაწყვეტილება, შესაძლოა დღეს შემდეგ ეტაპზეც გვესაუბრა. ახლა, მთავარი აქცენტი ეროვნულ ლიგაზე გავაკეთოთ და ჩემპიონობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლოთ", - აღნიშნა ფელის ვისენტემ.



პირველი ტაიმის ანალოგიური სცენარით განვითარდა მეორეც. მორიგი კონტრ-შეტევის დროს ლევან შენგელიამ რიგი მომენტებით ისარგებლა და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 1-0. სტუმრებმა 5 წუთში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. კუთხურიდან ერიკ ბოტეხინმა დაარტყა ჯერ თავით, შემდეგ კი დამატებაზე ბურთი პერალესის კარში გადააგზავნა. თბილისელებს კიდევ შეეძლოთ ერთი გოლის გატანა, თუმცა ბოლო მომენტში ლევან შენგელიას და ნოდარ ქავთარაძის კომბინაცია არაზუსტი დარტყმით დასრულდა და თამაშიც დამთავრდა.



აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისმა" ერთი კვირის მოკლე ვადაში ვერ მოახერხა უეფას დარწმუნება, რომ გუნდის თამაშზე რასისტული შინაარსის ბანერები არ ყოფილა გამოფენილი. შესაბამისად, უეფა-აც ამ ეტაპზე „დინამო თბილისის" მიმართ დადგენილი სანქცია გამოიყენა და 15 აგვისტოს თამაშმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „დინამოელები მაინც მივიდნენ სამხრეთ ტრიბუნასთან და მადლობა გადაუხადეს კლუბის ფან-სექტორს და სხვა გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე, ცაბაძის ქუჩის ჩარაზულ კარს იქით, უცდიდა მატჩის დასრულებას.



მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისი" გამოეთიშა უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებას, გუნდის კოეფიციენტი 4,5 შეადგენს. მომავალი, 2020-2021 წლების გათამაშების წინ თბილისური კლუბის კოეფიციენტი 4, 750 არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელები, ისევე, როგორ წელს, მომავალ სეზონზეც განთესილ კლუბებს შორის მოხვდებიან. მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობისთვის კი, „დინამო თბილისმა" 780 000,00 ევრო გამოიმუშავა (ეტაპების მიხედვით, 240 000,00 260 000,00 და 280 000,00 ევრო)  უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშებაში „დინამო თბილისმა" 6 შეხვედრა გამართა, აქედან 4 მოიგო, 1 წააგო და 1-იც ფრედ დაასრულა.




ახალ ევროპულ სეზონამდე კი, „დინამო თბილისი" ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთვება და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას შეეცდება. უახლოეს შეხვედრას, თბილისელები წყალტუბოში, ტრადიციულად პრინციპული მეტოქის, ქუთაისის „ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავენ.




 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები