კიდევ ორი ქართველი ირანის ჩემპიონატში
კიდევ ორი ქართველი ირანის ჩემპიონატში
10.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ირანის ჩემპიონატში, რომელიც რამდენიმე დღეში აირებს სტარტს, კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. მაქსიმე ქვილითაია, რომელიც ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს" ღირსებას იცავდა და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძირითადად, სწორედ მას მოუხდა ქუთაისელთა კარის დაცვა, ამიერიდან ირანულ კლუბში, „შაჰინ ბუშირის" ღირსებას დაიცავს. მაქსიმე ქვილითაიამ კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. თუმცა, ისევე, როგორც ლუკა გადრანმა, რომელიც მაქსიმეს გუშინდლიდან შეუერთდა.


„ამ ეტაპზე, ირანულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. რა იქნება შემდეგ, მომავალში ვნახავ. ბევრად უკეთესი დახვედრა მომიწყეს, რასაც ველოდი. იმაზე კარგად დამხვდნენ.  ამ ეტაპზე, სასტუმროში დამაბინავეს.  გუნდი მეგობრულია და მწვრთნელიც კარგი პიროვნებაა. უშუალო კონტაქტი აქვს ყველა ფეხბურთელთან და შეკრული ყავს გუნდი. თავიდან, მაინც ცოტა გამიჭირდა.", - ამბობს, TSFF.GE-სთან საუბარში მაქსიმე ქვილითაია.


ირანული ქალაქის ბუშირის კლუბი, ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული კლუბია, რომელსაც გასული სეზონის გატარება მეორე დივიზიონში მოუხდა, თუმცა, ამჯერად „შაჰინი" ირანის ძლიერთა ლიგას, ირანის სუპერ ლიგას დაუბრუნდა. კლუბი 1942 წელს დაარსდა. აქვს 15000-იანი სტადიონი, Shahid Beheshti Stadium და კლუბს საუკეთესო აკადემია აქვს.


„ცხოვრებას რაც შეეხება, აქ, ძალიან ცხელა, დამახასიათებლად ზღვისპირა ქალაქისთვის. ხალხი მეგონა, რთული იქნებოდა, მაგრამ გაოცებული ვარ. განსაკუთრებით, ამათი ფეხბურთისადმი სიყვარულით. ფანატები არიან და ძალიან კარგად გვხვდებიან ქალაქში, ყველა ფოტოს გადაღება სურს და მოკლედ აფანატებენ ფეხბურთელებზე. ეს გუნდ მე-3-4 ადგილზეა ფანობის თვალსაზრისით, ირანის მთავარ ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდიდან.  ყველა თამაშზე 10-15 ათასი გულშემატკივარი დადის", - ამბობს მაქსიმე ქვილითაია.


რამდენიმე საინტერესო დეტალი, მაქსიმე ქვილითაიასა და ლუკა გადრანის ახალი კლუბის  და ქალაქის შესახებ. ბუშირი ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთია. ესაზღვრება ირანის 4 ოსტანს ხუზისტანს, ქოხგილუესა და ბოიერაჰმედის, ჰორმაზაგანისა და ფარსის. მოსახლეობა შეადგენს 634,299 ადამიანს. უშუალოდ ქალაქს, საკმაოდ ფართო გასასვლელი აქვს სპარსეთის ყურეზე.


„სხვა ქალაქებთან შედარებით ეს პატარა ქალაქი გამოირჩევა კარგი ხალხით და ფეხბურთისადმი სიყვარულით. თან ამ გუნდში ლეგიონერი 6-7 წელია არ ყოფილა და ესეც ამათვის გამოწვევაა და ყველას აინტერესებს  რას გავაკეთებთ. მთავარია ჩვენთვის ღმერთის წყალობით კარგი თამაშები ჩავატაროთ და გავახაროთ ამ ქალაქის გულშემატკივარი, თუნდაც შორეულ ირანში ჩვენი გამარჯვებებით", - ამბობს მაქსიმე ქვილითაია.


რაც შეეხება კლუბს, მას რამდენიმე წლის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდა: 2011-12 წლის სეზონის შემდეგ კლუბში რეგრესი დაიწყო და 2014 წლის ბოლოს რანგით მე-3 ლიგაშიც კი დაქვეითდა. 2015 წელს კლუბი ახალმა ინვესტორებმა შეიძინეს, მათ მიზნად დაისახეს სუპერ ლიგაში დაბრუნება, რაც გასულ სეზონში მოახერხეს. რანგით მეორე ლიგაში მათ 54 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს და 2019-20 წლის სეზონში სუპერ ლიგაში ასპარეზობა გაინაღდეს.


ერთი საინტერესო დეტალიც, 2009-10 წლის სეზონის მანძილზე „შაჰინი" კლუბის არცერთ მოთამაშეს წითელი ბარათი არ მიუღია, ეს ერთადერთი შემთხვევაა ირანის საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ირანის სუპერ ლიგაში, მსაჯები ფეხბურთელებს ძალისმიერი თამაშის საშუალებას აძლევენ და ყვითელ და წითელ ბარათებს, როგორც ასეთი დასჯის მეთოდს გამონაკლის და განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ.


ახალი სეზონი ირანში ერთ კვირაში დაიწყება. მანამდე, ქართველების ახალმა გუნდმა 3 ოფიციალური შეხვედრა გამართა, ორში, „შაჰინ ბუშირმა" გაიმარჯვა, 3-0 და 2-1, მესამე შეხვედრა კი 1-2 წააგო. სამივე მატჩში, მონაწილეობა მიიღო მაქსიმე ქვილითაიამ და ის ამ შეხვედრებში, მთავარი მეკარის რანგში იცავდა კარს.