მედლების მორიგი დღე მინსკში
მედლების მორიგი დღე მინსკში
24.06.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

მინსკში, ევროპულ თამაშებზე მორიგი დღე ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლით დაიწყეს და ოქროთი დაასრულეს.  პროგრამით დღეს, სროლა, მშვილდოსნობა, ძიუდო, კრივი და ბატუტი იყო.

სროლა: დღის პირველი მედლები დედა-შვილის, ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილის ასპარეზობით დაიწყო. სპორტული პისტოლეტით 50მეტრ დისტანციიდან სროლაში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მინსკის თამაშების სროლის ცენტრში, ქართველი მსროლელი ქალი, კიდევ 2 დღეს იასპარეზებს, ამჯერად 25 მ დისტანციაზე და იმედს, ვიტოვებთ, რომ გამოცდილი სპორტსმენი კვლავ მოახერხებს ქართველების სათვალავში მორიგი მედლის ჩადებას.




ძიუდო: მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოდან ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილებდა. დღეს, ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კჰ) იასპარეზეს. თუმცა, ფინალურ ბლოკამდე მხოლოდ 2-მა მიაღწია. გურამიც და ვარლამიც ფინალში გავიდნენ და ისე მოხდა, რომ ორივე სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს დაუწყვილდა.

სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დამთავრებამდე 40 წამით ადრე, ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპული თამაშების და პარალელურად ევროპის ჩემპიონატის ოქრო,  რუს სპორტსმენთან, არმან ადამიანთან ორთაბრძოლა წააგო და მხოლოდ,  ვერცხლის მედალი მოიპოვა.




სამაგიეროდ, რუსი  ინალ ტასოევი იპონზე დააგდო და  თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა. ბრძოლა, რომელიც ქართველი სპორტსმენისთვის თითქოს, არასახარბიელოდ დაიწყო, „თუში" ვაზარით აგებდა, ქართველმა მეასედ წამებში სათავისოდ შემოაბრუნა და გაიმარჯვა.

მინსკში, საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი აიღო. ჩვენი ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი. ვერცხლი მიიღო ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო ბრინჯაოს - ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.

ბატუტი: კიდევ ერთი სახეობა, სადაც ქართველებმა მედლის მოპოვება მოახერხეს ბატუტზე ხტომაა. ამ სახეობაში საქართველო 2 სპორტსმენით, თეონა ჯანჯღავათი და ლუბა გოლოვინათი იყო წარმოდგენილი. „მინსკ არენაზე" ქართველმა გოგონებმა 23 სპორტსმენთან ერთად დაიწყეს საკვალიფიკაციო შეჯიბრი, რომელის შემდეგაც თეონამ მე-15 ადგილი დაიკავა. აი, ლუბასთან კი ცოტა გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.




თავდაპირველად, გოლოვინას მსაჯებმა ქულებით, მე-6 პოზიცია დაუფიქსირეს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენი სპორტსმენი ფინალურ ექვსეულში ხვდებოდა და მედლებისთვის შეეძლო ბრძოლა გაეგრძელებინა. თუმცა, მალევე მას 1 ქულა დააკლეს და ლუბაც მე-6 ადგილიდან მე-8 აღმოჩნდა. ამ სამსაჯო კორექციის შემდეგ, ტურნირის დებულებიდან გამომდინარე, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ერთი ქვეყნის 1 სპორტსმენს ჰქონდა ასპარეზობის უფლება. შესაბამისად, ფინალურ ექვსეულში მოხვედრილი ორიდან ერთ ბელორუსი  და ერთიც ნიდერლანდელი სპორტსმენი ფინალური ეტაპიდან ამოვარდნენ. აი, ლუბას კი, საკუთარი შრომით მიღწეული მე-6 ადგილი დაუბრუნდა.  ფინალში,  მედლის მაძიებელი სპორტსმენებიდან ბატუტზე პირველი ლუბა მივიდა. დარჩენილი 5 სპორტსმენისგან კი მისი გადასწრება მხოლოდ ერთმა, გრანგმა და ისიც 2 მეასედი ქულით მოახერხა. შესაბამისად ლუბას ოქროს მედლამდე სწორედ ეს 2-მეასედი დააკლდა. თუმცა, კარგი გამოსვლა და ვერცხლის მედალი ერგო.  

ხვალ, ქართველი სპორტსმენები ძალებს 7 სახეობაში სცდიან.


ფოტო: სეოკ